რუსეთი და ჩინეთი აზიაში ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის ზრდას ეწინააღმდეგებიან და ერთობლივი თავდაცვისა და სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაზე საუბრობენ. პეკინსა და მოსკოვს შორის „უსაზღვრო თანამშრომლობის" ფარგლებში კიდევ ერთი მაღალი დონის შეხვედრა შედგა, სადაც მხარეებმა თავდაცვისაა და სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს.
ჩინეთში გამართულ შეხვედრაზე კრემლის ინტერესებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელუსოვი წარმოადგენდა, პეკინისას კი - ჩინეთის ცენტრალური სამხედრო კომისიის ვიცე-თავმჯდომარე ჟან იუსი. შეხვედრა პეკინში მას შემდეგ გაიმართა, რაც ჩინეთმა ამერიკის შეერთებული შტატები და ტაივანი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ჩინეთის შეიარაღებული ძალების მეთაურები მინიშნებას სეპარატიზმზე აკეთებენ.
„რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო დეპარტამენტები ერთიანნი არიან გლობალური პროცესების შეფასებაში და მათ აქვთ საერთო გაგება თუ რა უნდა გაკეთდეს არსებულ სიტუაციაში“, - წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც „ტელეგრამში“ გავრცელდა.
განცხადება გამართული შეხვედრის შესახებ გაავრცელა ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომაც, სადაც გამოთქმულია იმედი, რომ ქვეყნებს შორის სამხედრო კავშირები გაღრმავდება და გაფართოვდება.
ასევე ნახეთ: იანკოვიჩი: "ქართული ოცნება" რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებსჩინეთსა და რუსეთს შორის უსაზღვრო, ულიმიტო პარტნიორობა 2022 წელს ჩამოყალიბდა, შეთანხმებას ჩინეთში რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი. ვლადიმირ პუტინიც და სი ძინპინიც ფიქრობენ, რომ ამით ქვეყნებს შორის ურთიერთობების „ახალი ერა“ დაიწყო.
აზიაში ამერიკის შეერთებული შტატების გავლენების ზრდასთან დაკავშირებით ჩინეთის მიდგომებს იზიარებს რუსეთიც. გასულ კვირას კრემლში ითქვა, რომ რუსეთი ჩინეთის გვერდით დგას და გმობს ამერიკის შეერთებული შტატების ტაივანის ირგვლივ სიტუაციის გამწვავების „განზრახ მცდელობებს“.
ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჩინეთი და რუსეთი მნიშვნელოვანი მოწინააღმდეგეები არიან, ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ორივე ქვეყანა ავტორიტარულია და ისინი ერთობლივი ძალისხმევით ებრძვიან დემოკრატიას. რუსეთსა და ჩინეთს შორის კავშირები, მათ შორის სამხედრო და სავაჭრო კავშირები მას შემდეგ გაძლიერდა და გაფართოვდა, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და დემოკრატიულმა ქვეყნებმა, ამერიკამ და მოკავშირე სახელმწიფოებმა რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები შემოიღეს.
ვაშინგტონმა სანქციები ჩინეთის წინააღმდეგაც შემოიღო, რადგან ამერიკაში მიიჩნევენ, რომ სწორედ ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის დახმარებით რუსეთი ახერხებს სამხედრო წარმოების და უკრაინაში უკანონო ომის გაგრძელებას.