რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას "ომი" პირველად უწოდა

რუსეთი ახლა უკრაინას ეომება დასავლეთის ჩარევის გამო, - ამ განცხადებით, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა პირველად ახსენა სიტყვა "ომი" უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის თაობაზე. მოსკოვი და რუსეთის ყველა ოფიციალური წარმომადგენელი ომს ორ წელზე მეტია, "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. პესკოვმა ეს განცხადება გამოცემასთან "არგუმენტი ი ფაქტი" ინტერვიუუში გააკეთა. გამოცემა მოსკოვის მუნიციპალურ მთავრობას ეკუთვნის.

ასევე ნახეთ: რუსული ოპოზიცია ნავალნის გარდაცვალების შემდეგ

"ჩვენ ომში ვართ. ნამდვილად, ეს დაიწყო, როგორც სპეციალური სამხედრო ოპრაცია, მაგრამ როგორც კი ეს ჯგუფი ჩამოყალიბდა და კოლექტიური დასავლეთი შეუერთდა უკრაინის მხარეს, ეს ჩვენთვის ომად იქცა", - უთხრა პესკოვმა გამოცემას. "მე მჯერა, რომ ასეა. და ეს ყველას უნდა ესმოდეს იმისთვის, რომ შინაგანად გავძლიერდეთ".

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან კრემლი კონფლიქტს "ომს" არასდროს უწოოდებდა. და ქვვეყნის პარლამენტმა ამ სიტყვის გამოყენება კანონდარღვევადაც კი გამოაცხადა. უამრავი აქტივისტი ამ სიტყვის გამოყენებისთვის დააჯარიმეს და დააკავეს კიდეც. მათ ბრალად "რუსეთის ჯარის დისკრედიტაცია და მასზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება ედებოდათ ბრალად".