ნავთობ-პროდუქტებზე ფასების გაზრდასთან დაკავშირებული დავა რუსეთსა და ბელარუსს შორის, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდია. თუმცა, გაჩნდა მოსაზრება, რომ ნავთობის ფასები უფრო დიდი პრობლემის მხოლოდ ერთი სიმპტომია. გამორიცხული არ არის, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთისა და ბელარუსის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება 2024 წლის შემდეგ პოლიტიკაში დარჩენის მექანიზმად გამოიყენოს.
თუ რუსეთის ხელმძღვანელობა ამ გზას დაადგება და მის დასავლეთით მდებარე ერთადერთ მოკავშირეს დაკარგავს, ეს მისი არჩევანია.ალექსანდრ ლუკაშენკო
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პუტინი გააფრთხილა, რომ თუ რუსეთი მინსკს ენერგო რესურსებზე გაზრდილი ფასის კომპენსაციას არ დათანხმდება, კრემლი ახლო მოკავშირეს დაკარგავს.
“თუ რუსეთის ხელმძღვანელობა ამ გზას დაადგება და მის დასავლეთით მდებარე ერთადერთ მოკავშირეს დაკარგავს, ეს მისი არჩევანია,” განაცხადა ლუკაშენკომ მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე 10 იანვარს, რომლის შესახებაც ინფორმაცია ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ბელტამ” გაავრცელა.
ბელარუსი რუსეთისგან სუბსიდირებული ფასებით ყიდულობს ნავთობ-პროდუქტებს და შემდეგ ისინი ექსპორტზე გააქვს. თავიდან რუსეთი ამ ნაბიჯზე მოკავშირის ეკონომიკის დაასახმარებლად წავიდა და სანაცვლოდ, მინსკს ერთგულებას და ნატოსთან ბუფერულ ქვეყნად დარჩენას ითხოვდა. კრემლმა გასულ წელს მინსკს სუბსიდიები მოუხსნა, რომლებიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 4 პროცენტს აღემატება. ამის გამო, ბელარუსი მომდევნო 6 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 11 მილიარდ დოლარს დაკარგავს. ლუკაშენკო პუტინს ამ ზარალის კომპენსაციას სთხოვს.
2018 წლის ბოლოს ლუკაშენკო პუტინს ორჯერ შეხვდა, მაგრამ ნავთობის ფასთან დაკავშირებული დავა ვერ გადაჭრა.
პრესკონფერენციაზე მან ასევე უარყო სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ კრემლის ზეწოლის ფონზე, ბელარუსი რუსეთთან შეერთებას განიხილავს.
“არ არსებობს არანაირი შეკითხვა ორი სახელმწიფოს გაერთიანებასთან დაკავშირებით. თუ ვინმეს უნდა [ბელარუსი] რეგიონებად დაშალოს და ჩვენ რუსეთის მორჩილებად გვაქციოს, ეს არ მოხდება,” თქვა ლუკაშენკომ. ამ განცხადებით მან თავად დაადანაშაულა მოსკოვი ნავთობისა და გაზის გამოყენებით ბელარუსის რუსეთში გაერთიანების მცდელობაში. მისი თქმით, “მე ვხედავ [მოსკოვის] მინიშნებებს, რომ კარგით, წაიღეთ ჩვენი ნავთობი, მაგრამ სანაცვლოდ დაანგრიეთ თქვენი სახელმწიფოებრიობა და გახდით რუსეთის ნაწილი.” ერისადმი საახალწლო მიმართვაში კი ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი ხელშეუხებელი სიწმინდეა.
მიუხედავად რიტორიკისა, რუსეთი და ბელარუსი უკვე არიან ერთგვარი გაერთიანების წევრები. 1999 წელს მათ “ბელარუსისა და რუსეთის კავშირი” შექმნეს, თუმცა ეს ერთობა ამ ეტაპზე მხოლოდ ფიქტიურად არსებობს. ახლო პარტნიორობის სარჩულით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პუტინმა არაერთხელ სცადა ბელარუსში სამხედრო წარმომადგენლობს გაზრდა, მაგრამ ლუკაშენკო ამ ზეწოლას აქამდე თავს წარმატებით ართმევს და რუსეთს მის ქვეყანაში ბაზების გახსნის უფლებას არ აძლევს.
2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ლუკაშენკოს დასავლეთთან დამოკიდებულება საგრძნობლად გახსნილი გახდა. ეს შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ რუსეთის მიერ მეზობელი უკრაინის ანექსიამ და ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარით შეჭრამ ლუკაშენკოს კრემლისგან დაუცველობის განცდა გაუჩინა. ამასთან, კრემლმა არაერთხელ მიანიშნა, რომ მინსკთან კიდევ უფრო დაახლოებას გეგმავს.
უფრო ექსტრემალური ვერსია ახალი პოლიტიკური ერთეულის გამოცხადება იქნება, რომელსაც ერთი პრეზიდენტი ეყოლება და სავარაუდოდ, ეს ის ადამიანი იქნება ვისი სახელიც ასო “ვ”-თი იწყება.ენ ეპლბაუმი
რუსეთისა და ბელარუსის გაერთიანება საექსპერტო წრეებში ბოლო პერიოდში ხშირად განიხილება და დისკუსია პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკურ მომავალს უკავშირდება.
ვლადიმირ პუტინი მეორე საპრეზიდენტო ვადას 2024 წელს დაამთავრებს. პოლიტიკიდან წასვლას ის, სავარაუდოდ, არ აპირებს, რუსეთის პრეზიდენტად მესამე ვადით დარჩენას კი ფედერაციის კონსტიტუცია კრძალავს. რუსეთ-ბელარუსის კავშირის პრეზიდენტობა კონსტიტუციის დარღვევა არ იქნება და პუტინი ძალაუფლების შენარჩუნებას კიდევ რამდენიმე წლით გაიხანგრძლივებს.
ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ბოლო პერიოდში, კრემლი მინსკის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს. მაგალითად, ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც რუსეთ-ბელარუსის ინტეგრაციის თემებზე იმუშავებს. გასული წლის ივლისში კი პუტინმა მინსკში რუსეთის ელჩად მიხეილ ბაბიჩი, სუკის და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი დანიშნა, რამაც მოსკოვის ზრახვებზე შეკითხვები გააჩინა.
გაზეთ “ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებულ წერილში პულიცერის პრემიის ლაურეატი და ავტორი ენ ეპლბაუმი რუსეთის მიერ “ბელარუსის გადაყლაპვაზე” და ორი ქვეყნის გაერთიანების ლიდერად პუტინის გამოჩენაზე საუბრობს.
“რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ორი ქვეყნის ინტეგრაციის გაღრმავების შესახებ გამოაცხადა. რუსეთის მთავრობამ ბელარუსს ენერგორესურსებზე ფასი გაუზარდა. ასევე, საუბარია იმაზე, რომ რუსეთი ბელარუსის მთავრობის ფუნქციების შესრულებას საკუთარ თავზე იღებს, მათ შორისაა საბაჟო სამსახური, ვიზები და სავალუტო და საგადასახადო პოლიტიკის განხორციელება,” წერს ეპლბაუმი. მისი აზრით, ეს “რბილი” მიტაცებაა. “უფრო ექსტრემალური ვერსია ახალი პოლიტიკური ერთეულის გამოცხადება იქნება, რომელსაც ერთი პრეზიდენტი ეყოლება და სავარაუდოდ, ეს ის ადამიანი იქნება, ვისი სახელიც ასო “ვ”-თი იწყება,” ამბობს ის.
რუსეთს ერთი იმის გაკეთება შეუძლია, რომ [ბელარუსში] ქვეყნის შიგნით ზეწოლა დრამატულად გაზარდოს სამხედრო ძალის გამოყენების ან სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მუქარით.ანტიომ შარაიბმანი
ბელარუსზე რუსეთის კონტროლის დასაწესებლად სამხედრო ძალის გამოყენება რუსეთისთვის ყველაზე რთული ნაბიჯი იქნება. რუსეთი 2008 წელს საქართველოში შეიჭრა და ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაციას დღემდე აგრძელებს. 2014 წელს კრემლმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომში დღემდე მონაწილეობს. ამ ფონზე, კიდევ ერთ ქვეყანაში სამხედრო ძალით შესვლა კრემლისთვის რთული გასამართლებელი იქნება, განსაკუთრებით, ქვეყნის შიგნით. ამასთან, ბელარუსი ღარიბი ქვეყანაა, რომელსაც ზღვაზე წვდომა არ აქვს და აფხაზეთისა და ყირიმისგან განსხვავებით, კრემლისთვის გეოპოლიტიკური თვალსაზრისით დიდი ღირებულება არ აქვს.
"რუსეთს ერთი იმის გაკეთება შეუძლია, რომ [ბელარუსში] ქვეყნის შიგნით ზეწოლა დრამატულად გაზარდოს სამხედრო ძალის გამოყენების ან სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მუქარით," განაცხადა დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოს Tut.By-ს პოლიტიკურმა რედაქტორმა არტიომ შარაიბმანმა. თუმცა დასძინა, რომ "იმის გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ეს არასდროს მოხდება, რადგან ვერავინ გათვალა ის, რაც ყირიმში მოხდა."
ექსპერტების რაოდენობა, რომლებიც ვარაუდობენ, რომ რუსეთ-ბელარუსის გაერთიანება 2024 წლამდე არ უნდა გამოირიცხოს, იზრდება. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ანდრეი ილარიონოვი, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში დაფუძნებული CATO-ს ინსტიტუტის მკვლევარია, ამბობს, რომ "ბელარუსის რუსეთში შეწოვა უკვე დაიწყო."
მინსკსა და მოსკოვს შორის დაპირისპირება 2010 წელსაც თითქმის კრიზისამდე მივიდა. ენერგო რესურსების ფასზე შეუთანხმებლობის შემდეგ, ლუკაშენკომ გამოაცხადა, რომ რუსეთის ნაცვლად ნავთობს ვენესუელიდან და აზერბაიჯანიდან იყიდიდა. მაშინ მოსკოვი დათმობაზე წავიდა და მანამდე არსებული პირობები ძალაში დატოვა. რა მოხდება ამჯერად, ჯერ რთული სათქმელია.