ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ტრადიციულ დასავლელ მოკავშირეებს სთხოვს გაერთიანდნენ რუსეთის “აგრესიული და ზიანის მომტანი მოქმედებების” წინააღმდეგ. ჯერემი ჰანტმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ძალისხმევას შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩაუდგება სათავეში.
ვაშინგტონში ვიზიტის დროს, ჰანტმა თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკა, ბრიტანეთი და ევროკავშირი გაერთიანდნენ რუსეთს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ საერთაშორისო ნორმებზე მზარდი თავდასხმების წინააღმდეგ.
“მათ, ვინც ჩვენს ღირებულებებს არ იზიარებენ, უნდა იცოდნენ, რომ საფასურის გადახდა მოუწევთ წითელი ხაზის გადაკვეთის გამო, [იქნება ეს სხვა ქვეყნების] ტერიტორიებზე შეჭრა, აკრძალული იარაღის გამოყენება თუ მზარდი კიბერ-თავდასხმები,” განაცხადა ჰანტმა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრამდე.
“ის [პუტინი] გამოცდას გვიტარებს. მას აინტერესებს რამდენად მოქნილია და რამდენად ერთიანია დასავლეთი,” დასძნა ჰანტმა.
სამშაბათს, ვაშინგტონში მდებარე შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა 2008 წელს საქართველოში დაიწყო. მისი თქმით, ყირიმის ანექსია 1945 წლის შემდეგ კრემლის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის პირველი შემთხვევა არ იყო. ეს პირველად 2008 წელს საქართველოში მოხდა.
“იმის ნაცვლად, რომ მას შემდეგ ჩვენს მიმართ სანდოობა გაგვეძლიერებინა, ჩვენ მას ვასუსტებთ. 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრაზე ჩვენმა სუსტმა რეაგირებამ 2014 წელს ყირიმის ანექსია უფრო მეტად სავარაუდო გახადა,” განაცხადა ბრიტანეთის პირველმა დიპლომატმა.
ჰანტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. ამის ერთ-ერთ მთავარ ნაწილად მან შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთის მიმართ მკაცრი დამოკიდებულება დაასახელა, რაშიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სერია და 60 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევება შედის.
Facebook Forum