რუსეთში დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის ირგვლივ პროტესტი გრძელდება. ამჯერად დემონსტრანტების თქმით, ისინი ნავალნისთან ცუდად მოპყრობის ფაქტებს აპროტესტებენ. დაგეგმილი პროტესტის წინ ციხეში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.
ალექსეი ნავალნი ციხეში შიმშილობს. შიმშილობა მან გასულ კვირას მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარი უთხრეს შესაბამისად ემკურნალათ ზურგისა და ფეხის მწვავე ტკივილისთვის.
ნავალნის მოკავშირეების ჯგუფი ამბობს, რომ ისინი ქალაქ პოკროვის ციხესთან პროტესტს განაგრძობენ, თუკი ოპოზიციონერ ლიდერს მის მიერ შერჩეული ექიმი არ გასინჯავს და ის შესაბამის მკურნალობას არ მიიღებს. თუმცა, ციხის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ნავალნის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას ყველანაირი აუცილებელი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
Your browser doesn’t support HTML5
ნავალნიმ თქვა, რომ შიმშილობას აგრძელებს მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ტემპერატურა და ხველა აქვს. მის საკანში მოთავსებული სამი სხვა პატიმარი კი ტუბერკულოზის დიაგნოზით ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პრო-კრემლისტური გამოცემა "იზვესტია" ციხის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნავალნის კორონავირუსი დაუდასტურდა. სამშაბათ დილით კი პოლიციის ოფიცრებმა ციხესთან 100 მეტრის მოშორებით სპეციალური გამშვები პუნქტი მოაწყვეს და მეტალის დეტექტორებით ციხესთან მისასვლელი გზა გადაკეტეს.
ალექსეი ნავალნი იანვარში დააპატიმრეს, როდესაც რუსეთში გერმანიიდან დაბრუნდა. ევროპაში ის ციმბირში მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. გერმანელმა სამხედრო ექიმებმა დაადასტურეს, რომ ის ნერვული აგენტით იყო მოწამლული.
დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მისი გათავისუფლებისკენ არაერთხელ მოუწოდეს. მოსკოვი კი ასეთ მოწოდებებს მის საშინაო საქმეებში მიუღებელ ჩარევად მიიჩნევს და ამბობს, რომ ნავალნის მოწამვლის მტკიცებულებები არ არსებობს.