უკრაინის თავდაცვა: რუსეთი მზად არის ახალი შეტევისთვის

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთმა თითქმის დაასრულა ძალების მობილიზება დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებზე განახლებული თავდასხმისთვის.

რუსული ჯარის მთავარი სამიზნე ახლა უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქებია, ამას მოსკოვი ადასტურებს. ძალების მობილიზება აღმოსავლეთში კრემლმა მარტის ბოლოდან დაიწყო, მას შემდეგ რაც რუსულმა ჯარმა კიევის ოლქი და მიმდებარე ქალაქებიდან უკან დაიხია.

ასევე ნახეთ: თუ უკრაინა ნატოზე უარს იტყვის, რა ხდება საქართველოსთვის?

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ აქტიური ბრძოლა ამ რეგიონებში უახლოეს პერიოდში დაიწყება,“- ამბობს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე მოტუზიანიკი და ამატებს, რომ უკრაინული არმია მზად არის განახლებული თავდასხმა მოიგერიოს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ინფორმაციას ეყრდნობა მათი განცხადება.

პარალელურად, მოსახლეობა ტოვებს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებს. დევნილები თავშესაფარს უკრაინის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში ეძებენ. მათ ევაკუაციის პროცესში უკრაინელი სამართალდამცავებიც ეხმარებიან.

ხშირია ევაკუაციის დროს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, ერთ-ერთი ასეთი ფაქტი გასულ პარასკევს კრამატორსკიში მოხდა. სარაკეტო თავდასხმას 57 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი ემსხვერპლა და 100-ზე მეტი დაიჭრა.