კრემლი სამხედრო ბლოგერ „ტატარსკის“, იგივე მაქსიმ ფომინის, მკვლელობაში უკრაინას ადანაშაულებს. რუსეთის ოფიციალური უწყებები ამბობენ, რომ სანქტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქების უკან კიევი დგას.
პოლიციამ უკვე დააკავა რუსეთის მოქალაქე ქალი, რომელმაც 2 აპრილს სანქტ-პეტერგბურგში, „სტრიტ-ფუდ ბარ N1-ში“ აფეთქება მოაწყო რომლის შედეგადაც ომის მხარდამჭერი რუსი სამხედრო ბლოგერი დაიღუპა და 30 ადამიანი დაშავდა.
დაკავებული 26 წლის დარია რეპოვაა. ის რუსეთის მოქალაქეა, რომელიც სამართალდამცავებმა უკვე დააპატიმრეს. პოლიციის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ის აღიარებს, რომ ბარში ასაფეთქებელი მოწყობილობა მან დაამონტაჟა.
მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსეთში ხმაურიანი მკვლელობა მოხდა. პირველი შემთხვევა დარია დუგინას უკავშირდება, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილს, რომელიც მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. კრემლმა მაშინაც მომხდარზე პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრა.
ასევე ნახეთ: ფინეთი 4 აპრილს ნატოს წევრი ქვეყანა გახდებაკიევში მაშინაც და ახლაც უარყვეს აფეთქებასთან კავშირი. უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ ეს შიდა ტერორისტული აქტი იყო.
ტატარსკი გავლენიანი რუსი ბლოგერი იყო და ის ხშირად სტუმრობდა სხვადასხვა პროპაგანდისტულ გადაცემებს რუსეთში. მისი მოწოდებები ხშირად იყო ძალადობის წამხალისებელი.
ტატარსკი უკრაინაში 2011 წელს ბანკის ძარცვისთვის იყო დაკავებული და 2014 წელს დონბასში ომის დაწყების დროს ციხიდან გაიქცა. ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რუსი სამხედრო ბლოეგერი იყო, რომელსაც ტელეგრამზე ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა.
„ომის კვლევის ინსტიტუტის“ ამბობს, რომ შესაძლოა, ტატარსკის მკვლელობა კრემლის შიდა წრეებში დაპირსიპირებაზე მიუთითებდეს. არსებობს ვარაუდი, რომ ბარი, სადაც ტატარსკი ააფეთქეს, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის.