უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ყველას, ვისაც ხელში იარაღის ჭერა შეუძლია, მოუწოდებს უკრაინის ტერიტორიის დამცველთა რიგებში ჩადგეს.
„გავამარტივეთ პროცედურები, აიღეთ მხოლოდ პასპორტი, მხოლოდ პასპორტი! ვურიგებთ იარაღს ყველა პატრიოტს, ვინც უყოყმანოდ მზადაა გამოიყენოს ის მტრის წინააღმდეგ. ვინარჩუნებთ სიმშვიდეს. ვდგავართ მწყობრად. გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების. დიდება ერთიან უკრაინას!“, - ამბობს ალექსეი რეზნიკოვი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „გაერთიანებული ძალების სარდლობა განლაგებულია სამეთაურო პუნქტებზე და აკონტროლებს ქვედანაყოფებს. ამჟამად გაერთიანებული ძალების მიერ ჩამოგდებულია რუსეთს საჰაერო ძალების 6 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი. მოგერიებულია შეტევა შჩასტიეზე, რომლის დროსაც ააფეთქეს 2 ტანკი და განადგურდა 50 რუსი ოკუპანტი“.
ასევე ნახეთ: რუსეთის შეჭრა უკრაინაში - ყველაფერი რაც ამ დრომდე უნდა იცოდეთცოტა ხნის წინ, უკრაინაზე რუსეთის არმიის თავდასხმის გამო, კიევმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია. უკრაინის სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა.
უკრაინის სამხედრო ობიექტებზე რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულია უკრაინის შეიარაღებული ძალების 40-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შუადღის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა. მისივე ცნობით, დაღუპულია ათამდე მშვიდობიანი მოქალაქეც.
24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუჰანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".
რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.