ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ევროპაში ჩაიშალა. ამის შესახებ ცნობას "როიტერი" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, მაიკ პომპეომ გადაწყვეტილება შეცვალა და ვიზიტით ევროპაში არ გაემგზავრა.
"როიტერი" სანდო წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ პომპეომ გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალა, რაც ბრიუსელში ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.
Your browser doesn’t support HTML5
ევროპელებმა ამერიკის პირველ დიპლომატთან შეხვედრაზე უარი ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების შემდეგ თქვეს. "ათასობით პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერმა უპრეცედენტო იერიში მიიტანა ამერიკულ დემოკრატიაზე, რამაც მსოფლიოს ბევრი ლიდერი და შეერთებული შტატების მოკავშირე გააოგნა" - წერს "როიტერი".
სააგენტოს ცნობით, პომპეო, რომელიც დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირეა, უნდა შეხვდროდა ჟან ასელბორნს ლუქსემბურგში, ნატოს პატარა, მაგრამ მდიდარი მოკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს. შემდეგ იყო დაგეგმილი შეხვედრები ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებთან და ბლოკის სხვა მთავარ დიპლომატებთან.
ასევე ნახეთ: მსოფლიო ლიდერების გამოხმაურება - შტურმი კაპიტოლიუმზე"როიტერის" ინფორმაციით, მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე უარი ევროპელმა ლიდერებმა თქვეს, რის გამოც დაგეგმილი ვიზიტი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააუქმა. სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, პომპეო ვიზიტის დროს არ გეგმავდა საჯარო შეხვედრების ნატოში და ევროკავშირში გამართვას.
სახელმწიფო დეპარტამენტს ამ დრომდე განვითარებულ პროცესებზე განცხადება არ გაუკეთებია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპელმა ლიდერებმა მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე უარი 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის გამო თქვეს. შეგახსენებთ, რომ კონგრესზე თავდასხმას ევროპელი ლიდერების მხრიდან სწრაფი და კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.