ბოსნია-ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკამ (Republika Srpska) გუშინ „რესპუბლიკის დღე“ აღნიშნა და ბანია-ლუკაში გამართულ სამხედრო აღლუმზე, საპატიო სტუმრის სტატუსით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერი ანატოლი ბიბილოვიც მიიწვია. ოსი სეპარატისტების „პრეზიდენტთან“ ერთად საპატიო ლოჟაში სერბთა რესპუბლიკისა და სერბეთის პოლიტიკური და საეკლესიო ელიტა იყო წარმოდგენილი.
მათ შორის, სერბეთის თავდაცვის მინისტრი ვულინი, შინაგან საქმეთა მინისტრი სტეფანოვიჩი, ექს-პრეზიდენტი ნიკოლიჩი, სერბეთის პატრიარქი ირინეი, სერბეთის ტახტის მემკვიდრე, იუგოსლავიის უკანასკნელი მეფის პეტრე მეორის ვაჟი პრინცი ალექსანდრე, საგანგებო ელჩი ბოსნია-ჰერცოგოვინაში ვუკიჩევიჩი (რომელიც მანამდე სერბეთის ელჩი იყო რუსეთში), ბჰფ-ის სერბთა რესპუბლიკის პრემიერი ცვიანოვიჩი და პრეზიდენტი დოდიკი, რომლის პირადი მიწვევითაც ჩავიდა ბიბილოვი ბანია ლუკაში.
სტუმრებს შორის ასევე იყო ცნობილი სერბი კინორეჟისორი და მუსიკოსი ემირ კუსტურიცა, რომელიც 2009 წელს ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა და ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო, შარშან, დეკემბერში, იძულებული გახდა თბილისში დაგეგმილი კონცერტი გაეუქმებინა.
სამხედრო აღლუმის შემდეგ ოსი სეპარატისტების ლიდერი პრეზიდენტმა დოდიკმა მიიღო. დღეს მხარეებმა "თანამშრომლობის შესახებ" ხელშეკრულება გააფორმეს, დღის ბოლოს კი ანატოლი ბიბილოვი სახელმწიფო ტელევიზიით გამოვიდა და ბოსნია-ჰერცოგოვინადან სერბთა რესპუბლიკის გამოყოფას დაუჭირა მხარი:
როგორც სერბთა რესპუბლიკისთვის, ისე სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი საუკეთესო მეგობარია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ რუსეთთან ურთიერთობას და ვიცით, როგორი განწყობაა რუსი ერის მიმართ სერბთა რესპუბლიკაში"ანატოლი ბიბილოვი, ოსი სეპარატისტების ლიდერი
„როგორც სერბთა რესპუბლიკისთვის, ისე სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი საუკეთესო მეგობარია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ რუსეთთან ურთიერთობას და ვიცით, როგორი განწყობაა რუსი ერის მიმართ სერბთა რესპუბლიკაში. მსოფლიოში არ უნდა არსებობდეს ორმაგი სტანდარტები, როცა საქმე ერების თვითგამორკვევას ეხება, ასეთი უფლება თქვენს რესპუბლიკაში მცხოვრებ სერბებსაც უნდა ჰქონდეთ.“
სერბთა რესპუბლიკაში, რომელიც ბოსნია-ჰერცოგოვინის ორი ნაწილიდან ერთ-ერთი (მეორე ნაწილი ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ფედერაციაა), 1995 წელს, სამწლიანი ომის დასრულებისა და დეიტონის ოთხმხრივი (აშშ, ბოსნია-ჰერცოგოვინა, სერბეთი, ხორვატია) შეთანხმების საფუძველზე გახდა, ბოსნია-ჰერცოგოვინიდან გასვლისა და „მოძმე“ სერბეთთან გაერთიანების იდეა სულ უფრო დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.
„სერბული მიწების“ შეკრების იდეით ნაციონალისტი პრეზიდენტი დოდიკი გამოდის, რომელიც ანკლავს მერვე წელია მართავს და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, რუსეთის ერთგულ მოკავშირედ ითვლება. ამ სეპარატული იდეის ერთ-ერთ ნაწილია ბანია ლუკაში „რესპუბლიკის დღის“ 9 იანვარს აღნიშვნაც.
26 წლის უკან, იუგოსლავიის ფედერაციიდან ბოსნია-ჰერცოგოვინას გასვლის საპასუხოდ, ბოსნიელმა სერბებმა ბოსნიიდან გასვლა და „სერბთა რესპუბლიკის“ შექმნა სწორედ 9 იანვარს გამოაცხადეს, რამაც ბოსნიის სისხლისმღვრელ ომს დაუდო სათავე.
ბოსნია-ჰერცოგოვინას საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წელს, სერბთა რესპულიკას 9 იანვარს, „რესპუბლიკის დღის“ აღნიშვნა აუკრძალა, თუმცა, პრეზიდენტი დოდიკი ამ აკრძალვას არ ცნობს, რის გამოც 2017 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა.
სამხედრო აღლუმზე გამოსვლისას მილორად დოდიკმა კვლავ ხაზი გაუსვა, რომ „სერბთა რესპუბლიკა და სერბეთი ერთია“, ბიბილოვის მიწვევაზე კი სააგენტო SRNA-ს ასეთი კომენტარი მისცა:
საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს მეგობრული ურთიერთობა სერბთა რესპუბლიკის მიმართ და ჩვენ ეს ვიცით. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ლეგიტიმურ რესპუბლიკებთან და ერებთან ურთიერთობა არის ნორმალური"მილორად დოდიკი, ბჰფ-ში შემავალი სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი
„საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს მეგობრული ურთიერთობა სერბთა რესპუბლიკის მიმართ და ჩვენ ეს ვიცით. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ლეგიტიმურ რესპუბლიკებთან და ერებთან ურთიერთობა არის ნორმალური. სამხრეთ ოსეთს აქვს აბსოლუტურად სუვერენული უფლება თავად გადაწყვიტოს საკუთარი ბედი“.
ბოსნია-ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკაში ჩასვლამდე სეპარატისტების ლიდერმა ბიბილოვმა ჯერ სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი, შემდეგ კი სერბეთის ავტონომიური ოლქის ვოივოდინას მთავარი ქალაქი ნოვი სადი მოინახულა.
ბელგრადში ბიბილოვი მთავარანგელოზ მიქაელისა და გაბრიელის სახელობის რაკოვიცას მონასტერში მივიდა. ნოვი სადის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარში კი ოსი სტუმარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა, ბაჩსკას ეპარქიის წინამძღოლმა ირინეიმ დალოცა.
ბიბილოვის სერბულ-ბოსნიურ ვოიაჟსა და კერძო თვითმფრინავის ხარჯებს, რუსეთისა და სლოვენიის მოქალაქე, საქართველოში, დაბა ყორნისში დაბადებული, მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენი გელა ვალიევი აფინანსებს. სამშენებლო კომპანია Росслав-ის პრეზიდენტი, რომელსაც „მასშტაბური საქველმოქმედო საქმიანობისთვის“ 2014 წელს, სერბეთის პატრიარქმა ირინეიმ სერბეთის ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა საბას პირველი ხარისხის ორდენი გადასცა, ბიბილოვს ბოსნია-ჰერცოგოვინაში თან მრჩევლის სტატუსით ახლავს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტის შემდეგ, ოფიციალურმა სარაევომ აღიარა, რომ ბიბილოვის „კერძო ვიზიტის“ შესახებ ინფორმირებული არ იყო, ოფიციალურ ბელგრადს კი განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
სერბეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში ჩასვლამდე, ოსი სეპარატისტების ლიდერი, 4-7 იანვარს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ დონეცკში იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ "დონეცკელ მოხალისეებს სამხედრო რჩევებით ეხმარება და უკრაინა ძალიან მალე ამ ომს წააგებს“.