შაბათს ბოსნია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მოვლენის - სრებრენიცას 20 წლისთავს აღნიშნავს. 1995 წლის ივლისში სრებრენიცაში 11-დღიანი თავდასხმების შედეგად ბოსნიელი სერბების მიერ 8 000-ზე მეტი მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი იქნა დახოცილი.
სრებრენიცის ტყეებსა და ფერმებში დღემდე პოულობენ მაშინ დაღუპულთა ძვლებს, ათასამდე ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულია. გამომძებლებს სჯერათ, რომ არსებობს აქამდე უცნობი საერთო საფლავიც.
ათობით ათასი ადამიანი აპირებს მონაწილეობის მიღებას დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომლის დროსაც ახლო წარსულში იდენტიფიცირებულ 136 მსხვერპლს დაკრძალავენ.
ექსპერტები ამბობენ, რომ 20 წლის წინ მომხდარმა ამბებმა ქვეყნებს მოტივაცია უნდა გაუჩინოს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს, მარგამ მათ ვინც ქმრები და შვილები დაკარგა, ჭრილობები ჯერ არ მოშუშებიათ.
„ჩვენ დაპატიმრებულები ვიყავით სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ჩვენს შვილებს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს და ჩვენ, გადარჩენილები ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ,“ ყვება ჰატიდზა მეჰმედოვიჩი, რომელმაც სრებრენიცაში ქმარი და ორი ვაჟიშვილი დაკარგა.
მოვა დრო და პასუხს აგებენ ისინი, ვინც უანაშაულო ადამიანები დახოცა და მთლიანი ჯგუფების განადგურება სცადასტივენ რაპი, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი
ბოსნიელი სერბების გენერალს რატკო მლადიჩს ბოსნიელი სერბების პრეზიდნეტ რადოვან კარაჯიჩთან და სერბეთის პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩთან ერთად ჰააგის სასამართლომ ომის დანაშაულებისთვის ბრალი წაუყენა. მილოშევიჩი 2006 წელს პატიმრობაში გარდაიცვალა. მლადიჩის და კარაჯიჩის საქმეებს ომის ტრიბუნალი იძიებს. კიდევ სამ მაღალჩინოსანს ბრალი გენოციდის მოწყობაში ედება.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სტივენ რაპმა ამერიკის ხმის მიერ სრებრენიცას 20 წლისთავისთვის მიძღვნილ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ბოსნიაში და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ეთნიკურ წმენდებში უფრო აქტიურად უნდა ჩაერიოს.
„ვფიქრობ ჩვენ რეგიონთან უფრო მეტი ინტეგრაცია გვმართებს, როგორც ევროპასთან ასევე ქვეყნის შიგნით, ბოსნიელი ხალხის უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის და მათი ინტერესების აღიარება, სადაც ყველას მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად ერთად ცხოვრება შეეძლება,“ თქვა რაპმა.
რაპის თქმით სამართალი შეიძლება ნელი იყოს, მაგრამ ის აუცილებლად აღსრულდება:
„მოვა დრო და პასუხს აგებენ ისინი, ვინც უანაშაულო ადამიანები დახოცა და მთლიანი ჯგუფების განადგურება სცადა. სრებრენიციდან მსოფლიომ მნიშვნელოვანი გაკვეთილი ისწავლა, რომელიც ყოველდღიურად უნდა გავითვალისწინოთ.“
კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის ტანია დომის თქმით, ომის გრძელვადიანი შედეგი ბოსნიის პრობლემური ეკონომიკაა.
„ოფიციალური უმუშევრობის მაჩვენებელი 40 პროცენტია, მსოფლიო ბანკის მონაცემებით ბოსნიელ ახალგაზრდებში ეს მაჩვენებელი 60%-ია. ეს არამდგრადი ვითარებაა და ხალხი ქვეყანას ტოვებს. ეს ტვინების გადინებაა, ბოსნიას მომავალი ტოვებს,“ ამბობს დომი.
რუსეთს, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრ შეუძლია გააკეთოს რაც უნდა, მაგრამ მას არ შეუძლია ვეტო დაადოს სიმართლესსამანტა პაუერი, აშშ-ს ელჩი გაეროში
გუშინ რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს რეზოლუციას, რომელშიც სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა გენოციდად იყო მოხსენიებული. უშიშროების საბჭოს ოთხმა ქვეყანამ - ანგოლამ, ჩინეთმა, ნიგერიამ და ვენესუელამ - თავი შეიკავა 8 ივლისის კენჭისყრაზე, დანარჩენმა ათმა ქვეყანამ კი მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს, რომელიც სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მე-20 წლისთავს ეძღვნებოდა.
შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში სამანტა პაუერმა რუსეთის ნაბიჯს საერთაშორისო საზოგადოებისგან გამიჯვნა უწოდა:
„რუსეთს, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრ შეუძლია გააკეთოს რაც უნდა, მაგრამ მას არ შეუძლია ვეტო დაადოს სიმართლეს, სრებრენიცაში გენოციდი ასობით ათასი დოკუმენტით, ფოტო მტკიცებულებებით, თვითმხილველთა ჩვენებებით და 6 ათასზე მეტი დაღუპულის ფიზიკური ნარჩენებით დადასტურებულია, არავის სჯერა რუსეთის. დღეს რუსეთმა აჩვენა თავისი იზოლაცია საერთაშორისო საზოგადოებისგან და აჩვენა, რომ გენოციდის უარყოფა შერიგების მტერია.“
სრებრენიცის ღონისძიებებზე ამერიკის დელეგაციას პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებით ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი უხელმძღვანელებს. კლინტონთან ერთად ბოსნიაში ჩავლენ კონგრესის წევრები და ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მადლენ ოლბრაიტი.