რესპუბლიკელები ბაიდენს შეხვდნენ, მაგრამ "კოვიდ" დახმარების პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ

Biden meets with senators

ორშაბათს, თეთრ სახლსა და შეერთებული შტატების სენატის რესპუბლიკელთა ჯგუფს შორის შედგა საუბარი ახალი კორონავირუსის გამო დახმარების ახალი რაუნდის შესახებ, რომელსაც ორივე მხარემ შესაბამისად, “საფუძვლიანი და ნაყოფიერი” და “გულწრფელი და ძალიან სასარგებლო” უწოდა.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ, რესპუბლიკელმა სენატორმა მეინის შტატიდან, სუზან კოლინზმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ “შეხედულებების ძალიან კარგი ურთიერთგაცვლა მოხდა”.

მხარეებმა ორპარტიულ პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ მსჯელობა გაგრძელდება.

ასევე ნახეთ: ბაიდენის გეგმა - 1.9 ტრილიონი დოლარი პანდემიის ზიანთან საბრძოლველად

“ყველა ჩვენთაგანი ფიქრობს გაჭირვებულ ოჯახებზე, მცირე ბიზნესებზე და გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემაზე, ვაქცინების ადამიანებთან მიტანაზე, ეკონომიკის გაძლიერებაზე და ჩვენს წინაშე არსებულ, ჯანდაცვის კრიზისთან გამკლავებაზე”, - თქვა კოლინზმა.

ბაიდენი 1.9 ტრილიონი დოლარის მოცულობის ეკონომიკური დახმარების პაკეტის წინადადებით გამოვიდა, რესპუბლიკელები კი თვლიან, რომ დახმარების პაკეტის ღირებულება 600 მილიარდიან ნიშნულს უნდა უმიზნებდეს.

ასევე ნახეთ: ჯო ბაიდენი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ზრდის და ახალ ნაბიჯებს დგამს

თეთრი სახლის მიერ ორშაბათ ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოლაპარაკების მონაწილეებს “ამერიკელი ხალხის დახმარების საერთო სურვილი ჰქონდათ”, მაგრამ იქვე აღნიშნულია, რომ ბაიდენი "არ დათანხმდება ისეთი პაკეტის მიღებას, რომელიც მიმდინარე მოთხოვნას არ პასუხობს".

ბაიდენმა კორონავირუსის დახმარების პაკეტის, ორპარტიული მხარდაჭერით მიღების სურვილი გამოხატა, თუმცა ორშაბათს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ წინადადების მხოლოდ კონგრესის დემოკრატების მიერ მხარდაჭერით გატანის შესაძლებლობაც რჩება.