რესპუბლიკელები მეოთხე დებატებისთვის ემზადებიან

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დებატები

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინანტობისთვის მებრძოლი კანდიდატები დღეს ვისკონსინის შტატში მეოთხე სატელევიზიო დებატებს გამართავენ. დებატებში მონაწილეობას უკანასკნელი რეიტნგების 8 ლიდერი კანდიდატი მიიღებს.

ნიუ ჯერსის გუბერნატორი ქრის კრისტი და არკანზასის ყოფილი გუბერნატორი მაიკ ჰაკაბი რეიტინგებში ჩამოქვეითდნენ, სამხრეთ კაროლინელმა სენატორმა ლინდსი გრემმა და ნიუ იორკის ყოფილმა გუბერნატორმა ჯორჯ პატაკიმ კი დებატების კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილეს.

კარსონი ყურადღების ცენტრში

დღევანდელი დებატების სპონსორი "Fox Business Network"-ია და მისი თემა ეკონომიკა იქნება. მოსალოდნელია რომ ყურადღების ცენტრში ორი კანდიდატი - დონალდ ტრამპი და ბენ კარსონი იქნებიან. კარსონს ბოლო დღეებია თავის მართლება უწევს, მათ შორის, ბრალდებაზე, რომ მას წარსულში ამერიკის ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიამ სრული სტიპენდია შესთავაზა. დავა იმაში მდგომარეობს, რომ ვესტ პოინტის აკადემიაში სტუდენტები სტიპენდიას არ იხდიან. მათ სასწავლებელში მიღებაზე კონგრესმენი, სენატორი ან სხვა მაღალჩინოსანი წარადგენს და სტუდენტის მიღების შემთხვევაში აკადემიაში სწავლა უფასოა, რადგან ვესტ პოინტი შეერთებული შტატების არმიის სამხედრო აკადემიაა.

კარსონი წარსულზე კითხვებს ელოდება, თუმცა დებატებზე შესაძლოა მისი შემტევი კითხვებიც მოვისმინოთ. პარასკევს ფლორიდაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე კარსონმა თქვა, რომ მედია მას არასამართლიანად ექცევა: ”თქვენი ყველას მცდელობა სინამდვილეში მე მეხმარება, მივდივარ ღონისძიებებზე და ათასობით ხალხი მამხნევებს, რომ არ დავნებდე,” უთხრა მან ჟურნალისტებს.

ტრამპი ისევ სცენის ცენტრში

დონალდ ტრამპი მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა, როცა გასულ კვირას NBC-ზე “შაბათის ღამის შოუ” წაიყვანა. გადაცემამ უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი რეიტინგი დააგროვა, ამის მიუხედავად კრიტიკოსებმა ის შეაფასეს როგორც "უაზრო შოუ."

ბოლო რეიტინგებს ტრამპი და კარსონი ლიდერობენ, ასევე მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ ფლორიდის სენატორმა მარკო რუბიომ და ტეხასის სენატორმა ტედ კრუზმა.

ბუშის განახლება

დღევანდელი დებატები ტესტი იქნება ჯებ ბუშისთვის, რომლის რეიტინგებმაც იკლო და ახლა ახალი მესიჯით - “ჯებს შეუძლია მოაგვაროს” ბრუნდება.

ამის პარალელურად, უახლოეს დღეებში მამა ბუშის ბიოგრაფია გამოდის, რომელიც ბევრს მისი ძმის ჯორჯ ბუშ უმცროსის არაპოპულარულ პრეზიდენტობას გაახსენებს. ანალიტიკოსი ნორმ ორნსტეინი მიიჩნევს, რომ ჯებ ბუში დილემის წინაშეა “მას ძმის პოლიტიკის გაზიარება ან მისი დაგმობა მოუწევს.”

რუბიო და კრუზი წინ მიიწევენ

რესპუბლიკელი სტრატეგის ფორდ ო’კონელის აზრით, რეიტინგებში ბუშის უკუსვლამ პარტიული ისტაბლიშმენტისთვის ადგილი გამოაჩინა. თუმცა დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ჩარლი კუკი მიიჩნევს, რომ ვერც ტრამპი და ვერც კარსონი კამპანიის ბოლომდე ვერ მივლენ.

ბრძოლა ისტაბლიშმენტის მხარდაჭერისთვის

რესპუბლიკელების ისტბლიშმენტის მხარდაჭერისთვის ჯებ ბუში, ქრის კრისტი და ოჰაიოს გუბერნატორი ჯონ კასიჩი იბრძვიან. ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი ალან ლიხტმან მიიჩნევს, რომ ნომინაციას სწორედ პარტიული კავშირების მქონე, დამკვიდრებული კანდიდატი მოიოვებს. “მათ უვყართ ახლადშექმნილი კანდიდატები, მაგრამ არასდროს ასახელებენ პარტიის კანდიდატად,” ამბობს ლიხტმანი.