ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმეილების სკანდალის გავლენა კლინტონის კამპანიაზე


იმეილების სკანდალი პოლიტიკური დებატების თემად იქცა და, სავარაუდოდ, ბოლომდე გაჰყვება ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰილარი კლინტონი დემოკრატიული პარტიის მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატია, მის კამპანიას ჯერაც თან ახლავს სკანდალი სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნისას სამსახურებრივი მიმოწერისთვის პირადი იმეილის გამოყენების შესახებ.

სახელმწიფო დეპარტამენტის სერვერის ნაცვლად მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა მიმოწერისთვის საკუთარ სახლში დამონტაჟებული სერვერი გამოიყენა. სამსახურის სერვერის გამოყენება მის მიმოწერას, თეორიულად, ჰაკერებისგან უკეთ დაიცავდა.

კლინტონმა აღიარა, რომ პირადი სერვერის გამოყენება “შეცდომა” იყო, ამის მიუხედავად ის მტკიცედ იმეორებს, რომ ყველა მისი ქმედება კანონიერი იყო. ის ამბობს, რომ პირადი სერვერის გამოყენების ერთადერთი მიზეზი მოხერხებულობა იყო, რადგან პირადი და საქმიანი კომუნიკაციისთვის ცალ-ცალკე მობილურების ტარება არ სურდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დაშვებული იყო, მაინც 2 ანგარიში უნდა გამომეყენებინა. ეს შეცდოდმა იყო. ვწუხვარ ამის გამო და ვიღებ პასუხისმგებლობას.
ჰილარი კლინტონი კერძო სერვერის გამოყენებაზე

იმეილების შესახებ პირველად ამ წლის მარტში გახდა ცნობილი, მალევე კლინტონმა 55 ათასი გვერდის მოცულობის მიმოწერის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გადაცემაზე გააკეთა განცხადება, თუმცა სკანდალის მეორე ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც აღმოჩნდა, რომ კლინტონმა 30 ათასი ელექტრონული წერილის წაშლა სცადა, რომელსაც მისი ადმინისტრაცია “პირად” მიმოწერას უწოდებს.

იმეილების სკანდალი პოლიტიკური დებატების თემად იქცა და, სავარაუდოდ, ბოლომდე გაყვება ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიას. საქმეს გამოძიების ფედერალური ბიურო და რესპუბლიკელების მიერ წარმართული კონგრესის კომიტეტიც იძიებს.

დაარღვია თუ არა კლინტონმა კანონი?

იმეილების სკანდალს მნიშვნელობას ფედერალური კანონიც ჰმატებს, რომლის მიხედვითაც საიდუმლო ინფორმაციის განზრახ წაშლა ან არაავტორიზებულ ადგილას განთავსება ჯარიმდება ან ისჯება ერთ წლამდე პატიმრობით.

კლინტონმა რამდენიმეჯერ გაიმეორა, რომ მის მიერ გაგზავნილი ან მიღებული არც ერთი წერილი საიდუმლო ინფორმაციას არ შეიცავდა. მთავრობის ინსპექტორებმა იმეილების შესწავლის შემდეგ რამდენიმე იმეილს საიდუმლო ინფორმაციის კლასიფიკაცია მიანიჭეს.

ასევე ისმის კითხვა, დაარღვია თუ არა კლინტონმა ფედერალური აქტი, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებს ოფიციალური მიმოწერის წაშლას უკრძალავს.

კლინტონის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მისი პირადი სერვერიდან გაგზავნილი ან მიღებული წერილები ფედერალურ მიმოწერად არ უნდა ჩაითვალოს. კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ პერსონალური და ოფიციალური მიმოწერის განსაზღვრა კლინტონზე ან მის თანამშრომლებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

კლინტონი გაეროს მინისტერიალის შეხვედრაზე
კლინტონი გაეროს მინისტერიალის შეხვედრაზე

იყო თუ არა ინფორმაცია დაცული?

კლინტონს ეროვნული უსაფრთხოების და დიპლომატიური დაზვერვის სენსიტიური ინფორმაციის საფრთხეში ჩაგდებისთვისაც აკრიტიკებენ, მათი თქმით, კლინტონის სერვერს დაცვის სათანადო მექანიზმები არ გააჩნდა.

ასოშიეთიდ პრესის მიხედვით ჩინელმა, სამხრეთ კორეელმა და გერმანელმა ჰაკერებმა სერვერის გატეხვა 2013 წლის შემდეგ რამდენჯერმე სცადეს.

თუმცა აქამდე უცნობია რამდენად სერიოზული იყო თავდასმა და იყო თუ არა მისი სამიზნე კლინტონის იმეილები. სააგენტოს მიერ ციტირებულ კონგრესის დოკუმენტად წოდებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ჰაკერების მცდელობა მონიტორინგის პროგრამით იქნა აღკვეთილი.

წარსული გამოცდილება

კლინტონის მხარდამჭერები ირწმუნებიან, რომ ის პირველი სახელმწიფო მოხელე არ არის, რომელმაც კომუნიკაციისთვის მსგავსი მოდელი გამოიყენა.

პერსონალური იმეილის გამოყენება ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმაც აღიარა.

აზარალებს თუ არა იმეილების სკანდალი კლინტონის საპრეზიდნეტო კამპანიას?

მაისიდან მოყოლებული კლინტონმა დემოკრატი ამომრჩევლების 20 პროცენტის მხარდაჭერა უკვე დაკარგა. თუმცა კვლევებში დაკონკრეტებული არ არის რა როლი მიუძღვის ამაში იმეილების საქმეს.

გასულ თვეს კლინტონმა ამ საქმეზე პირველი აღიარებითი განცხადება გააკეთა “ახლა უკან ვიხედები და მიუხედავად იმისა, რომ ეს დაშვებული იყო, მაინც 2 ანგარიში უნდა გამომეყენებინა. ეს შეცდოდმა იყო. ვწუხვარ ამის გამო და ვიღებ პასუხისმგებლობას,” უთხრა მან ეი-ბი-სი ნიუსს.

ბოდიშის მიუხედავად საქმე აქტუალობას, სავარაუდოდ, არ დაკარგავს, სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯერ მიმოწერის მხოლოდ 37 პროცენტი გაასაჯაროვა, საბოლოო ანგარიში აქამდე არც გამოძიების ფედერალურ ბიუროს გამოუქვეყნებია.

XS
SM
MD
LG