ახალი პოლიტიკური გამოკითხვის მიხედვით, აიოვის შტატში, დემოკრატი სოციალისტი ბერნი სანდერსი ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს ოდნავ უსწრებს. აიოვაში პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევას თებერვლიდან დაიწყებენ.
დღეს გამოქვეყნებული, ქვინიპიაკის უნივერსიტეტის გამოკითხვის შედეგი აჩვენებს, რომ სანდერსს შტატის დემოკრატების 41 პროცენტი უჭერს მხარს, კლინტონს - 40 პროცენტი. ორი თვის წინ კლინტონი აიოვაში 19 პუნქტით ლიდერობდა. ვიცე პრეზიდენტ ბაიდენს, რომელიც კანდიდატი არ არის, მაგრამ შესაძლოა კამპანიაში ჩაერთოს, 12 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.
69 წლის დონალდ ტრამპს რესპუბლიკელთა ხმების 32 პროცენტი აქვს. მას 19 პროცენტით პოლიტიკაში მეორე ახალბედა, ყოფილი ნეიროქირურგი ბენ კარსონი მოსდევს. ფლორიდის ყოფილ გუბერნატორ ჯებ ბუშს 9 პროცენტი აქვს.