მარკო რუბიო სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს

ამერიკელი სენატორი მარკო რუბიო სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ სენატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა განაცხადა.

რუბიო გავლენიანი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე რიჩარდ ბარს ჩაანაცვლებს. ბარი - სენატორი ჩრდილოეთ კაროლინიდან, გამოძიების ყურადღების ცენტრშია. ბარი ეჭვმიტანილია იმაში, რომ მან წინასწარ არსებული ინფორმაცია ეპიდემიის შესახებ პირადი მიზნებისთვის გამოიყენა და თებერვალში, სანამ პანდემია მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე იმოქმედებდა, მილიონობით დოლარის აქციები გაყიდა. ბარი თანამდებობიდან გასულ კვირას გადადგა, მას შემდეგ, რაც გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა მოკვლევის ფარგლებში მას მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.

რუბიო სენატორობის განმავლობაში ძირითადად საგარეო ურთიერთობებზე იყო ფოკუსირებული, როგორც დაზვერვის ისე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრობით. მისი დანიშვნის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში მაკკონელმა რუბიოს უპირატესობებზე ისაუბრა და თქვა, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც აღელვებს "ქვეყნის უსაფრთხოება, ჩვენი ღირებულებებისა და ინტერესების დაცვა და საფრთხეების მიმართ სიფხიზლე".

"განსხვავებულ საკითხებზე, იქნება ეს ჩინეთი, რუსეთი, ირანი თუ ჩრდილოეთ კორეა, ასევე ტირანია და არეულობა ჩვენს საკუთარ ნახევარსფეროში, სენატორი რუბიო წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული", - განაცხადა მაკკონელმა.

ამ დაწინაურების შემდეგ რუბიო იმ რვა ადამიანიდან ერთ-ერთი ხდება, რომლებიც ამერიკის კონგრესის - პალატისა და სენატის სადაზვერვო კომიტეტებს უდგანან სათავეში და ყველაზე სენსიტიურ, გასაიდუმლოებულ ინფორმაციას იღებენ.

მარკო რუბიო 2016 წელს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის იბრძოდა. ამჟამად კი ასევე არის სენატის მცირე ბიზნესისა და წამოწყებათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ამერიკული ბიზნესებისთვის პანდემიასთან გასამკლავებლად დამხმარე კანონმდებლობის შემუშავებაში წამყვან როლს ასრულებს.