ამერიკელი სენატორები შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტს და მის მეთაურს ნორდ სტრიმი 2 მილსადენის შესახებ წერილობით მიმართავენ. ორპარტიულ ღია წერილში, რომელსაც ხელს სენატის 39 წევრი აწერს, დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორები ნორდ სტრიმ 2-ის გაზსადენის წინააღმდეგ გამოდიან, რომელმაც ბუნებრივი აირი რუსეთიდან გერმანიას უნდა მიაწოდოს.
სენატორები თეთრი სახლის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, ამ გაზსადენის „მშენებლობის შესაჩერებლად“ მის ხელთ არსებული მექანიზმები გამოიყენოს.
ღია წერილს ხელს აწერენ ისეთი გავლენიანი სენატორები როგორებიც არიან ჯონ მაკკეინი, ჯინ შაჰინი, მარკო რუბიო, რიჩარდ ბლუმენტალი, ტომ კოტონი.
„ნორდ სტრიმი 2, რომელიც ნორდ სტრიმ 1-ის გზას იმეორებს, რუსეთიდან ბალტიისპირეთის გავლით ევროპაში ჩადის, ევროპას რუსული გავლენის ქვეშ მოაქცევს. ეს იქნება ევროპის ენერგო წყაროების დივერსიფიკაციაში უკან გადადგმული ნაბიჯი. ეს პროექტი გაზპრომის მომხმარებლებს აიძულებს გადაიხადონ პროექტში, რომელიც რეგიონში რუსულ მონოპოლიასთან დაგვაახლოვებს. ევროპელი მომხმარებლები რუსეთს გადაუხდიან იმაში, რომ რუსეთმა ბუნებრივი აირის ექსპორტი უკრაინის გვერდის ავლით აწარმოოს, რაც მხოლოდ გაზპრომისთვის იქნება მომგებიანი. შედეგად, ევროპას ენერგო წყაროების დივერსიფიკაციისთვის ნაკლები რესურსები ექნება და გაიზრდება მისი დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე“, ნათქვამია ღია წერილში.
სენატორები წუხან, რომ ნორდ სტრიმ 2-ით ზიანი მიადგება უკრაინის ეკონომიკას და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებს, რომლებიც ენერგო რესურსებისთვის ტრანზიტს წარმოადგენენ. სენატორების თქმით, თუ რუსეთი ენერგო რესურსების მიწოდების სისტემიდან უკრაინის გამორიცხვას შეძლებს, „მას არ ექნება მიზეზი შეწყვიტოს ფარტომასშტაბიანი კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში“.
სენატორები მიიჩნევენ, რომ ნორდ სტრიმ 2-ის საკითხისთვის 2018 წელი გადამწყვეტი იქნება. „ჩვენი ევროპელი მოკავშირეები უნდა დავარწმუნოთ, რომ ნორდ სტრიმ 2-ს მათ ენერგო დამოუკიდებლობაზე უდიდესი მნიშვნელობა ექნება“, ვკითხულობთ წერილში.
Facebook Forum