ლას ვეგასში სამშაბათს საღამოს ჩატარებული დებატები დანარჩენებისგან მკვეთრად გამოირჩეოდა. ჯერ ერთი, ყურადღების ცენტრში ყველასგან მოულოდნელად აღმოჩნდა ბიზნესმენი ჰერმან კეინი. ამას გარდა კამათი პოპულარულ საპრეზიდენტო კანდიდატებს მიტ რომნის და რიკ პერის შორის იმდენად გამწვავდა, რომ ისინი პირდაპირ ეთერში ერთმანეთის პირად შეურაცხყოფებსაც არ მორიდებიან.
დებატები ჰერმან კეინის მიერ საკუთარი საგადასახადო სისტემის პროექტის დაცვით დაიწყო, რომელიც კანდიდატის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილია. წარმატებული ბიზნესმენი ამერიკაში ცნობილი პიცერიების ქსელის -„ნათლიმამის პიცა“- მეპატრონეა. მან რამდენიმე ხნის წინ რესპუბლიკურ პარტიას დამატებითი ღირებულების გადასახადის საკმაოდ წინააღმდეგობრივი გეგმა შესთავაზა, სახელწოდებით „9+9+9“. რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ერთნაირი 9-პროცენტიანი გადასახადი უნდა დაუწესოს როგორც კერძო პირებს, ასევე მოგებებს გაყიდვებიდან და კორპორაციებიდან.
კეინის განმარტებით მისი საგადასახადო პროექტი ერთგვარად სამუშაო ადგილების შექმნის გეგმასაც წარმოადგენს. ის არ გაუზრდის გადასახადს მცირეშემოსავლიან ამერიკელებს და დაუკლებს მოგების გადასახადს ყველაზე მდიდარ ფენას, რომელსაც ამით ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალება მიეცემა. კეინის თქმით გეგმის „9+9+9“ ოპონენტები არიან ძირითადად ლობისტები, პოლიტიკოსები და ბუღალტრები, რომლებსაც არ სურთ არსებული სისტემის ჩანაცვლება უფრო მარტივი და სამართლიანი საგადასახადო კოდექსით.
დანარჩენმა კანდიდატებმა კეინის გეგმა მკაცრად გააკრიტიკეს. მათ შორის იყო ტეხასის გუბერნატორი რიკ პერიც. მან განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით უბრალო გადამხდელსაც მოემატება გადასახადი და ისეთ შტატებში მცხოვრებ ბიზნესებს, როგორიცაა ნიუ-ჰემფშირი და დელავერი, სადაც გაყიდვებზე დამატებითი ღირებულების გადასახადი უბრალოდ არ არსებობს.
დებატების დარჩენილი ნაწილი ძირითადად რიკ პერის და მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორის მიტ რომნის შორის მწვავე ორთაბრძოლას დაეთმო. კამათის ერთ-ერთი მთავარი თემა საიმიგრაციო რეფორმა გახლდათ. რიკ პერიმ მოწინააღმდეგე ამერიკაში არალეგალურად მცხოვრები იმიგრანტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
“ის ხალხიც უნდა დაისაჯოს, ვინც უკანონო იმიგრანტებს ასაქმებს. ჩემი აზრით, თქვენ, მიტ, ამის გამო საკუთარ დასაყრდენს დაკარგავთ. თქვენს შტატში არალეგალურ იმიგრანტებს სამსახურებს ურიგებთ. ამ ფაქტების შესახებ თქვენ დიდი ხანია იცით. და ამის მიუხედავად აქ დგახართ და ჩვენ საიმიგრაციო რეფორმის გამკაცრებაზე გვესაუბრებით. ეს ყოველივე თქვენი ფარისევლობის ხარისხზე მიუთითებს“.
„რიკ, მე არასოდეს ამიყვანია სამსახურში არალეგალურად მცხოვრები ადამიანი. სულმოუთქმელად ველოდები თქვენს მიერ მოწოდებულ ფაქტებს“ - ასეთი იყო რომნის პასუხი ამ კონკრეტულ ბრალდებაზე. ყოფილი გუბერნატორის განცხადებით მსგავს შემთხვევას მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ადგილი მის ცხოვრებაში. კერძოდ, როდესაც მან ბალახის მკრეჭავების შესახებ შეიტყო, რომ ისინი უკანონო იმიგრანტები იყვნენ, სასწრაფოდ დაითხოვა ის კომპანია, რომელიც მას ამ სერვისით უზრუნველყოფდა.
რიკ პერის და მიტ რომნის შემდეგი დაპირისპირება სამუშაო ადგილების შექმნის თემაზე მოხდა. მიტ რომნის გუბერნატორობის პერიოდში სამუშაო ადგილების შექმნის მიხედვით მისი შტატი 50-დან 47-ე ადგილზე იყო. მაშინ როცა ტეხასის შტატში იგივე პერიოდში 20-ჯერ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. „ტეხასმა უკანასკნელ ორ თვეში უფრო მეტი სამუშაო ადგილი შექმნა, ვიდრე მასაჩუსეტმა რომნის გუბერნატორობის 4 წლის მანძილზე“- ასეთი იყო ტეხასელი გუბერნატორის განცხადება. რაზეც მიტ რომნიმ უპასუხა:
“რაც შეეხება ტეხასის მონაცემებს, ვალდებული ხართ ხალხს ისიც უთხრათ, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე შექმნილი სამუშაო ადგილების თითქმის ნახევარი, - 40 პროცენტი - არალეგალი იმიგრაციის დასაქმების ხარჯზე მოდის“.
პერის განცხადებით ბრალდება სიმართლეს სრულებით არ შეესაბამებოდა.
ორივე კანდიდატი ცდილობდა მაყურებლისთვის დაემტკიცებინა, რომ ის მოწინააღმდეგესთან შედარებით უკეთესი გუბერნატორი იყო და შტატის მართვის ბევრად უფრო წარმატებული გამოცდილება გააჩნდა.
რესპუბლიკელ კანდიდატთა მორიგ დებატებამდე სულ რამდენიმე კვირა რჩება. წინასაპრეზიდენტო არჩევნებისთვის შემდეგი შეხვედრა ნოემბრის თვეშია დაგეგმილი.