აიოვის შტატიდან მე-9 ვადით არჩეულ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ კანონმდებელს, სტივენ კინგს რამდენიმე კომიტეტში მუშაობის უფლება ჩამოერთვა. თავად კონგრესმენი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მისმა “ნიუ-იორკ თაიმსში” გაკეთებულმა განცხადებამ განაპირობა.
კინგმა თეთრკანიანთა ნაციონალიზმთან და თეთრი რასის უპირატესობასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს არის “პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც სიმართლის უგულვებელყოფას წარმოადგენს”. კანონმდებელი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგადად ამ ტერმინების რასისტულობას და კითხულობს: როდის მერე გახდა ამგვარი საუბარი “შეურაცხმყოფელი”?
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გამოცდილ კანონმდებელს, სტივენ კინგს რასიზმში დებენ ბრალს. ცნობილია კონგრესმენის 2006 წლის დროინდელი გამონათქვამებიც, რომელშიც ის იმიგრანტებს ცხოველთა ჯოგებს ადარებდა.
წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა კევინ მაკკარტიმ ორშაბათს განაცხადა, რომ კინგს კონგრესის კომიტეტებში მსახურების უფლება ჩამოერთვა. საუბარია სოფლის მეურნეობის, მცირე ბიზნესის და იურიდიულ კომიტეტებზე. წარმომადგენელთა პალატის კომიტეტებში მუშაობა იანვრიდან განახლდა.
რესპუბლიკელი ლიდერების გადაწყვეტილება ორშაბათს გახმაურდა. კინგის გამონათქვამი ორივე პალატის ორივე პარტიის წარმომადგენლებმა დაგმეს. “ნებისმიერი სახის რასობრივი უპირატესობის იდეოლოგიას ადგილი არ ექნება რესპუბლიკურ პარტიაში, კონგრესში, ან ქვეყანაში” - განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა სენატორმა მიტჩ მაკკონელმა.