ამერიკის მთავრობის ნაწილის საქმიანობა კვლავ შეჩერებულია. სანამ დემოკრატი კანონმდებლები და პრეზიდენტი ტრამპი სასაზღვრო უსაფრთხოების დაფინანსების კომპრომისულ ვარიანტზე არ შეთანხმდებიან, ამ ნაწილების საქმიანობა ვერ აღდგება. მას შემდეგ, რაც დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი დაიბრუნეს, ბევრი ფიქრობს, რომ შესაძლოა მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტი შეუთანხმებლობა და პოლარიზება ვიხილოთ. რესპუბლიკელები კვლავ სენატის უმრავლესობაში რჩებიან.
მთავრობის ნაწილი თითქმის ერთი კვირაა არ ფუნქციონირებს. მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების საკითხი კვლავ მთავარი წყალგამყოფია. 3 იანვარს კანონმდებლები ფიცს დადებენ და წარმომადგენელთა პალატა უკვე ახალი - დემოკრატიული უმრავლესობით განაგრძობს საქმიანობას.
“ორივე პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს დაადანაშაულებენ იმის გამო, რომ საქმე არ კეთდება“, - ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი მოლი რეინოლდსი ბრუკინგსის ინსტიტუტიდან. რეინოლდსის თქმით, არსებობს ორპარტიული გადაწყვეტილებების მიღების შანსი და თანამშორმლობის პოტენციალი ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა ამერიკის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მედიკამენტებზე ფასის შემცირება და სხვა მსგავსი თემები, მაგრამ ანალიტიკოსი ფიქობს, რომ ზოგადად, 2019 წელს ძალიან მცირე საკანონმდებლო პროგრესის ხილვის იმედი უნდა გვქონდეს.
2010 წლის შუალედურ არჩევნებში თითქმის იგივე მოხდა, რაც 2018 წელს. 2010-ში რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაზე მოიპოვეს კონტროლი და ხელისუფლების ამ შტოს მაშინდელი დემოკრატი პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და დემოკრატების მიერ მართული სენატის საპირწონედ იყენებდნენ. 2011 წლის დასაწყისში კი მთავრობის ნაწილი რამდენჯერმე დაიხურა, თითქმის იმავე მიზეზებით - იმის გამო, რომ ორი პარტიის და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები კომპრომისზე ვერ თანხმდებოდნენ.
„როგორც 2011-სა და 2012-ში ხდებოდა, 2019 წელსაც არ უნდა ველოდოთ რაიმე პროგრესს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. გამონაკლისი შეიძლება მხოლოდ ინფრასტრუქტურის საკითხი იყოს, რომლის შესახებაც წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიულ უმრავლესობასა და პრეზიდენტს შესაძლოა მსგავსი მოსაზრებები ჰქონდეთ“, - ამბობს „ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის“ მკვლევარი ნორმან ორნსტაინი.
განახლებული შემადგენლობით, სენატში 100-დან 53 რესპუბლიკელი წევრი იქნება. ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ან დაბლოკვისათვის მეტწილად 60 სენატორის ხმაა საჭირო, თუმცა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებამოსილება, რომელიც რესპუბლიკელებს რჩებათ - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დასახელებაა. კანდიდატები დამტკიცების შემთხვევაში ამ პოზიციას ათწლეულების განმავლობაში იკავებენ. მიუხედავად იმისა, რომ იანვრიდან დემოკრატებს ბევრი იმ კანონპროექტის დაბლოკვა შეეძლებათ, რომელსაც არ ეთანხმებიან, ისინი ასევე პირდაპირ ვერ დაბლოკავენ მაგალითად პრეზიდენტის კანდიდატს მოსამართლის პოზიციაზე. დემოკრატები შიშობენ, რომ ამ წლების მანძილზე უზენაესი სასამართლო შესაძლოა კიდევ უფრო კონსერვატული გახდეს.
ნორმან ორნსტაინი ამბობს, რომ სენატი "მოსამართლეთა ქარხანად" იქცა. რადგან იმ ვითარებაში, როდესაც რესპუბლიკელებს 53 წარმომადგენელი ჰყავთ სენატში, მათ ნომინანტების დამტკიცება არათუ დემოკრატების, არამედ, რამდენიმე რესპუბლიკელის წინააღმდეგობის მიუხედავადაც კი შეუძლიათ.
ამავე დროს, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრები და მომავალი წევრები მიანიშნებენ, რომ პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის საქმიანობის გამოძიებას განაგრძობენ და გააძლიერებენ. ანალიტიკოსებიც ამბობენ, რომ სავარაუდოდ, მომავალი ორი კვირის განმავლობაში, დემოკრატები პრეზიდენტის ირგვლივ მიმდინარე გამოძიებებზე კონტროლსა და მეთვალყურეობას გააძლიერებენ.
2019 წლის პროგრესის შემოწმება კი 2020 წელს იქნება შესაძლებელი. 2020-ში ამეირკამ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. საკანონმდებლო დისკუსიებმა და უთანხმოებამ შესაძლოა დიდწილად განსაზღვროს როგორც არჩევნების ბედი, ისე კამპანიების მიმართულებები.
"ჩვენი ქვეყანა ორადაა გაყოფილი, ასევე იქნება ჩვენი მთავრობაც", - ამბობს ჯონ ფორტიერი, ორპარტიული პოლიტიკის ცენტრიდან. "ორპარტიული თანამშრომლობის ძალიან მცირე შესაძლებლობა არსებობს. აუცილებელი იქნება ისეთი დიდი ინიციატივების პოვნა, რომლებიც ორივე პარტიის საერთო ინტერესებში იქნება".
კონგრესში პარტიების ძალთა ბალანსი 2007, 2011, 2015 წლებშიც შეიცვალა და იგივე მოხდება 2019-შიც. როგორც გამოკითხვები აჩვენებს, კონგრესის საქმიანობით მოსახლეობა ზოგადად კმაყოფილი არ არის და სავარაუდოდ, ეს მაჩვენებლები არც მომავალი წლიდან გაუმჯობესდება.
Facebook Forum