ამერიკელი გმირის ჯონ ლუისის დაკრძალვის ცერემონია ამ წუთებში მიმდინარეობს 

სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლის, ლეგენდარული ბიოგრაფიის მქონე, კონგრესმენ ჯონ ლუისის დაკრძალვის ცერემონიალი ამ წუთებში ატლანტაში, ჯორჯიის შტატში მიმდინარეობს.

ცერემონიალს როგორც ცნობილია, სამივე ექსპრეზიდენტი - ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში - ესწრება. ცერემონიალი ბაპტისტურ ეკლესიაში იმართება. ებენეზერის შავკანიანთა ეკლესია ისტორიულია, სწორედ აქ მართავდა ქადაგეგბებს მარტინ ლუთერ კინგი. ცერემონიალზე ამერიკის 44-ე პრეზიდენტი, ბარაქ ობამა სიტყვით გამოვიდა.

ჯორჯიის შტატის დემოკრატი კონგრესმენი ჯონ ლუისი თვის დასაწყისში 80 წლის ასაკში, პანკრიასის კიბოთი გარდაიცვალა. ის წარმომადგენელთა პალატაში 33 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. მას ქალაქ ატლანტაში დაკრძალავენ.

კონგრესმენ ლუისის ცხედარს ადგილობრივები დახვდნენ. ატლანტის ქუჩებში, გზაზე, სადაც ცხედარი გაატარეს, ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი და ამ ფორმით მიაგებდნენ ისინი პატივს სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლ კონგრესმენს.

ასევე ნახეთ: ჯონ ლუისი - უფლებადამცველი ამერიკელი გმირი

მანამდე ლუისის ცხედარი ჯერ ამერიკის დედაქალაქში, ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში იყო დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები მიმდინარეობდა. კონგრესმენის საპატივცემულოდ ამერიკის დედაქალაქში ვაშინგტონის წმინდა იოანეს საეპისკოპოსო ეკლესიაში ზარები დარეკეს.

ორშაბათს კი შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ჯორჯიის შტატის კონგრესმენის და სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერის, ჯონ ლუისის ხსოვნას. ვაშინგტონში გამართულ პანაშვიდზე მეუღლესთან ერთად მივიდა დემოკრატთა სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი.

ლუისი 1963 წლის ვაშინგტონის ცნობილი მარშის ორგანიზატორი, „დიდი ექვსეულიდან“ ერთ-ერთი და უკანასკნელი წარმომადგენელი იყო. 1963 წლის მარში სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლ ადამიანთა და მათ მხარდაჭერთა მასშტაბური ანტირასისტული დემონსტრაცია იყო, სადაც მარტინ ლუთერ კინგმა, თავსისი ცნობილი სიტყვა „მე მაქვს ოცნება“ წარმოსთქვა.

ჯონ ლუისისთვის, როგორც სამოქალაქო უფლებების და რასობრივი თანასწორობისთვის მებრძოლი ამერიკელი გმირისთვის, განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ამერიკას აფრო-ამერიკელი პრეზიდენტი ჰყოლოდა. სწორედ ამიტომ, ის იყო ერთ-ერთი, ვინც განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოუცხადა ბარაკ ობამას, მაშინ ილინოისის შტატის ახალგაზრდა სენატორს, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გამხდარიყო.

კონგრესმენი ლუისი დემოკრატი იყო, თუმცა საკმარისად ზომიერი და ამიტომ ორპარტიულ პატივისცემას იმსახურებდა. მას ვაშინგტონში, „კონგრესის სინდისს“ უწოდებდნენ. ის იყო ხმა გლახაკთა და უძალოთა - ასე ამბობენ ლუისზე ვაშინგტონში.