სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია დასრულდა - 13 მოქალაქე თბილისში დღეს ჩამოფრინდა

ევაკუაცია სუდანიდან. 27 აპრილი, 2023 წ.

სუდანის დედაქალაქ ხარტუმში 15 აპრილს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების დროს მყოფი საქართველოს მოქალაქეების მეორე ნაწილი თბილისში დღეს, 28 აპრილს, ჩამოფრინდა. ამჯერად საქართველოში დაბრუნდა ავიაკომპანია "მაივეი ეარლაინსის" 13 თანამშრომელი. მანამდე, 27 აპრილს, ჩამოფრინდნენ ავიაკომპანია "ჯეოსქაიში" დასაქმებულები.

15 აპრილს, როცა სუდანში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, ქვეყნის დედაქალაქში მივლინებით იმყოფებოდა ავიაკომპანიების, Geo Sky-სა და MyWay-ს 33 თანამშრომელი. მოგვიანებით ისინი ხარტუმიდან სხვა, შედარებით უსაფრთხო რაიონში გადაიყვანეს.

ასევე ნახეთ: ამერიკის ზეწოლით სუდანში ცეცხლის 24 საათით შეწყვეტაზე მოილაპარაკეს

მსოფლიოს სახელმწიფოებმა სუდანში მყოფი მოქალაქეების ევაკუაციის დაწყება რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ შეძლეს, რაც დაპირისპირებულმა მხარეებმა დროებით ზავი გამოაცხადეს.

ძალაუფლების მოსაპოვებლად შეიარაღებული დაპირისპირებაა სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის, რომლებსაც ყოფილი თანამოაზრეები ხელმძღვანელობენ. არმიის მეთაურია სუდანის სუვერენული გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელი, გენერალი ალ-ბურჰანი, ხოლო „სწრაფი რეაგირების ძალების“ - გენერალი დაგალო. შეიარაღებულ დაპირისპირებას უკვე ემსხვერპლა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე.

ღრმა ეკონომიკურ კრიზისში მყოფ სუდანში 2019 წელს დაამხეს ავტორიტარი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, რომელიც ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მართავდა. მის წინააღმდეგ დაწყებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს მხარი დაუჭირეს სამხედროებმა.

ალ-ბაშირის დამხობის შემდეგ, სამხედრო და სამოქალაქო ჯგუფები შეთანხმდნენ გარდამავალი მთავრობის შექმნაზე. თუმცა, 2021 წელს პუტჩის შედეგად ძალაუფლება ხელში აიღო გენერალმა ალ-ბურჰანმა. მას დაუპირისპირდა „სწრაფი რეაგირების ძალების“ ლიდერი, გენერალი დაგალო, რომელიც სუდანს დემოკრატიისკენ წაყვანას ჰპირდება.