ბაღდადში, ირანელი გენერლის მოკვლაზე თეირანი და ვაშინგტონი კომენტარებს აკეთებენ

ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო იერიშის დროს, მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის, "ყუდსის ძალების" ლიდერი, გენერალი ყასემ სოლეიმანი. ამის თაობაზე, ინფორმაცია პირველმა ერაყის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.

პენტაგონის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ეს იყო ამერიკული სამხედრო ოპერაცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით განხორციელდა. სოლეიმანი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და ირანის სამხედრო სტრუქტურებში, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა.

სარაკეტო თავდასხმისას, სოლეიმანისთან ერთად მოკლულია აბუ მაჰდი ალ მუჰანდისი, შეიარაღებული დაჯგუფება სახალხო მობილიზაციის ძალების მეთაურის მოადგილე.

"ყუდსის ძალების" ლიდერის მოკვლას უკვე გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი. ირანის პირველი დიპლომატი, სპეცოპერაციას „სახელმწიფო ტერორიზმად და ერაყის სუვერენიტეტის დარღვევად“ აფასებს.

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა, სულეიმანის ლიკვიდაციის ოპერაცია დაიცვა და განცხადებაში აღნიშნა, რომ სულეიმანი „აქტიურად ამუშავებდა ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმის გეგმას, ერაყსა და მთელ რეგიონში.“

„სოლეიმანის თავგანწირვა, ირანის მიერ, ამერიკის ექსპანსიონიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევას უფრო გადამჭრელს გახდის და ჩვენს ისლამურ ღირებულებებს დაიცავს,“ განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ. მისივე თქმით, „ეჭვი არ არსებობს, რომ ირანი და რეგიონის სხვა მშვიდობის-მოყვარე ქვეყნები შურს იძიებენ.“

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ თქვა, რომ იერიში კონგრესთან „კონსულტაციის გარეშე“ განხორციელდა და ამან „დამატებითი საშიში ესკალაციისა და ძალადობის“ საფრთხე შექმნა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რაბმა მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა.

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმ რიშმა ტვიტერზე განცხადება გამოაქვეყნა და თქვა, რომ „დღეს სამართალი აღსრულდა.“ მან ასევე დასძინა, - „როგორც აქამდე გამიფრთხილებია ირანის მთავრობა, მათ წინა თავდასხმებზე, ჩვენი ზომიერი თავშეკავება სისუსტეში არ უნდა ჩათვალონ.“