რამზან კადიროვი უკრაინას ბირთვული იარაღითა და „ყველა ქალაქის“ აღებით ემუქრება

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაური რამზან კადიროვი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ჯარები აგრძელებენ შეტევებს ყველა მიმართულებით და გეგმავენ ყველა დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის ხელში ჩაგდებას.

„იქნება შეტევითი ოპერაციები, არა მხოლოდ მარიუპოლში, არამედ სხვა დასახლებულ პუნქტებში, ქალაქებსა და სოფლებში“, - აცხადებს რამზან კადიროვი თავის „ტელეგრამის" არხში გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომლის ტექსტს რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახური ავრცელებს.

ასევე ნახეთ: პუტინი თქმით უკრაინაში ომის მიზნები “კეთილშობილურია”

ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, ლუჰანსკისა და დონეცკის გათავისუფლება წარმოადგენს პირველი რიგის ამოცანას, შემდგომ იგეგმება „კიევისა და სხვა დანარჩენი ქალაქების ხელში აღება“.

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციაზე საუბრის დროს, რამზან კადიროვი საბრძოლო მოქმედებების წარმოების საკუთარ ხედვაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისთვის რომ ეკითხათ, იგი ჯერ „გაწმენდდა ლუგანსკსა და დონეცკს“ და შემდეგ კი სხვა მიმართულებით გააგრძელებდა მუშაობას, ხოლო „თუ ერთი დაქირავებული მაინც დარჩებოდა უკრაინაში“, იგი "გარკვეულ წერტილებში" ტაქტიკურ ბირთვულ დარტყმას განახორციელებდა.