ორ კვირაზე მეტია, დე-ფაქტო ადმინისტრაციებმა, ეგრეთ წოდებული, გამშვები პუნქტები ცალმხრივად ჩაკეტეს. გაცხადებული მიზეზი ვირუსული ინფექცია H1N1-ია. მოქალაქეები ვერც ახალგორის მიმართულებით დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში და ვერც ენგურის ხიდით - აფხაზეთში გადაადგილებას ახერხებენ.
„ღორის გრიპის აფეთების გამო მეზობელ ქვეყანასთან საზღვარი დაკეტილია“, ნათქვამია სააგენტო „რესის“ მიერ მომზადებულ ერთ-ერთ რეპორტაჟში. „მანამ, სანამ რესპუბლიკის ხელისუფლება ყოველდღიურად აკვირდება ვითარებას მეზობელ საქართველოში და ყველა ღონეს ხმარობს პროფილაქტიკური ზომების უზრუნველსაყოფად, სასაზღვრო ზონაში მცხოვრები პირები, პირდაპირი მნიშვნელობით, მიიწევენ დაავადებული საქართველოსკენ, რითაც უკვე შექმნეს უხერხულობები პოლიტიკურ სიბრტყეში,“ გვეუბნება ჟურნალისტი და გვაცნობს საკუთარი თვალით აღქმულ რეალობას ახალგორის გამგეობაში.
„ადმინისტრაციას დროებით ვლადიმერ გულიევი ხელმძღვანელობს, რომლის მისაღებშიც, დაახლოებით, 20 ადამიანი იცდის, უმეტესად ქალები.“ მის კაბინეტში მყოფი ქალი, სამგლოვიარო სამოსელით გულიევს საქართველოში გაშვებას სთხოვს შვილიშვილთან ერთად, რომელიც სტუდენტია და ეგრეთ წოდებული საზღვრის ჩაკეტვის გამო, ლექციებს აცდენს. ადმინისტრაციის ხელძღვანელს ქალი უხსნის, რომ შვილიშვილს მშობლები აღარ ჰყავს და რაკი არც 18 წელი არ შესრულებია, გამყოლი სჭირდება. ის ახალი წლის არდადეგებზე ესტუმრა ბებიას ახალგორში, უკან გაბრუნება კი ვეღარ შეძლო. „რესის“ ჟურნალისტი გამგებლის პასუხს და დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ გაუშვებს მათ, დეტალურად გვთავაზობს: „რატომ არ გინდათ გაიგოთ, რომ საზღვართან დაკავშირებულ საკითხებს მე არ ვწვეტ. არსებობს სხვა ორგანოებიც, რომლებიც აკვირდებიან საქართველოში შექმნილ სიტუაციას. ჯერ-ჯერობით ვირუსი კვლავ აფეთქების სტადიაშია, არ ჩამცხრალა, ამიტომ საზღვრის გახსნა საშიშია. მესმის თქვენი შვილიშვილის მდგომარეობა, მაგრამ ნუთუ მისი უნივერსიტეტში ჩამორჩენის საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთელი ეთნოსის უსაფრთხოება? თუ ღორის გრიპმა ჩვენთანაც იფეთქა, ეს გაცილებით საშიში იქნება, ვიდრე სამიანი მის უწყისში“, უხსნის ბებიას გამგებელი.
ჟურნალისტებმა ახალგორში მაღაზიის დახლებიც შეამოწმეს და დარწმუნდნენ, რომ პროდუქტის დეფიციტი არაა, ისევე როგორც არაა მედიკამენტების ნაკლებობა საავადმყოფოებში. საქართველოში მკურნალობის მსურველთა დიდი რაოდენობა კი ადგილობრივმა მთავარმა ექიმმა იმით ახსნა, რომ დე-ფაქტო ადმინისტრაციაში, უბრალოდ, გავრცელებულია ინფორმაცია საქართველოში უფრო მაღალი კლასის ჯანდაცვის არსებობის თაობაზე.
"ამერიკის ხმა" წეროვანის დევნილთა ჩასახლებას ეწვია. აქ 2002 ოჯახი ცხოვრობს და ყველაზე დიდი დევნილთა კომპაქტური დასახლებაა, რაც 2008 წლის შემდგომ აშენდა. წეროვანში, უმეტესწილად, ახალგორიდან დევნილი მოქალაქეები ცხოვრობენ. მათ უმეტესობას სახლი იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამად დე-ფაქტო ადმინისტრაცია აკონტროლებს, არ მიუტოვებია. ოჯახის ერთი წევრი მაინც ცდილობს პერიოდულად ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტის გავლას და ახალგორში საკუთარ სახლში სტუმრობას. ამისთვის სპეციალური საშვია საჭირო, რომლის მოპოვებაც რთულია. რთული კი იმის გამოა, რომ რუსული მმართველობის მიერ შემოღებული რეგულაციები ლოგიკურობას მოკლებულია და მოქალაქეებისთვის იმის გარკვევა ვისზე და რა კრიტერიუმით გაიცემა დოკუმენტი, გაურკვეველია.
"ამერიკის ხმასთან" საუბრისას დევნილი ვერიკო კასრაძე ამბობს, რომ გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, მას პირადად გადახდა ისეთი თავგადასავალი, რის შემდგომაც ახალგორში წასვლაზე ნებაყოფლობით თქვა უარი და უკვე ოთხი წელია არ წასულა.
„მაშინაც ასე იყო, უცებ გავრცელდა ამბავი, რომ საშვები უნდა შეიცვალოს და ვისაც ახალი ვარიანტი არ ექნება, ახალგორში ვეღარ შევაო. გამშვებ პუნქტთან ყველა ახალგორიდან დევნილი იდგა რიგში. ძლივს შევედით და წარვადგინეთ საბუთები ამ საშვის ასაღებად, რომელიც ხან სად გადაამისამართეს, ხან სად და უკან ვერაფრით დავიბრუნე. ამასობაში გამშვები პუნქტი ჩაკეტეს და ჩავრჩით იქ. მე ჩემს წლინახევრის შვილთან ერთად ვიყავი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. ვერაფრით ვბრუნდებოდით უკან. ბოლოს, დიდი წვალებით, სასწრაფოს მანქანამ გამოგვიყვანა და მე, ამის გამო, დეპორტის ბეჭედი ჩამირტყეს პასპორტში. ხუთი წელი უკან დაბრუნება ამიკრძალეს. თუმცა მას შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ჩემმა საბუთმა, რომელიც საშვის ასაღებად ჩავაბარე, ბარიერები გადალახა და საზღვრის გადაკვეთის უფლება მივიღე. რატომ და როგორ, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს და ის არც მიძებნია, რადგან ამ ამბების შემდეგ, ახალგორში წასვლის სურვილი არ მაქვს მანამ, ვიდრე იქ რუსები დადიან“, გვეუბნება ვერიკო კასრაძე.
ამჟამად, ახალგორში წეროვანის სკოლის 21 მოსწავლეა დარჩენილი. დევნილები პირად საუბრებში ამბობენ, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით, გამშვები პუნქტი მარტის შუა რიცხვებამდე იქნება დაკეტილი.
„ჩვენ ვიცით, რომ 21 ბავშვი, სკოლის მოსწავლე დარჩა იქით, მაგრამ შესაძლოა, უფრო მეტი იყოს ეს რაოდენობა. არავის არ უშვებენ, ამბობენ, ღორის გრიპია საქართველოში და ვერ გაგიშვებთო. ამასობაში კი ბავშვებს სკოლა უცდებათ და შესაძლოა სემესტრული გამოცდების ჩაბარებაც დასჭირდეთ,“ ამბობს "ამერიკის ხმასთან" წეროვანში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი.
წეროვანელ დევნილებს ახალგორში მყოფ ახლობლებთან ხშირი სატელეფონო კომუნიკაცია აქვთ. „გვეუბნებიან, რომ ცხინვალი-ახალოგორის გზაზე ზვავი ჩამოწვა. ჩვენი დაბა, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაშია. ვერც აქედან შეაქვთ პროდუქტი და ვერც ცხინვალიდან,“ გვეუბნებიან წეროვანში.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ინტენსიურად მუშაობს ცხელი ხაზი, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით იმართება და ყოველი გადაუდებელი შემთხვევა, რომელზეც სამედიცინო ჩარევაა საჭირო, უყურადღებოდ არ რჩება.