ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაციონალისტური საფრთხობელა


28 ნოემბერს საქართველოში ისტორიული არჩევნები გაიმართება. ისტორიული იმით, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში პირველადაა, როდესაც პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო გამარჯვებისთვის საკმარისი ხმების მიღება პირველ ტურში.

ცესკოსთვის მეორე ტური მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან თუ არ ჩავთვლით იმას, რომ აქამდე მხოლოდ ამა თუ იმ მაჟორიტარისთვის, ან თვითმმართველობის არჩევნებში რომელიმე კონკრეტული კანდიდატის არჩევისთვის ლოკალურად ტარდებოდა მეორე ტური, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განმეორებითი არჩევნები არ შემდგარა.

შემოდგომის მიწურულს საარჩევნო სუსხი განსაკუთრებით შემაწუხებელია. არც ტელეეკრანიდან, არც სოციალური მედიიდან სხვა არაფერი ისმის, წინასაარჩევნო ამბების გარდა. ბრძოლა საპრეზიდენტო პოსტისთვის გადამწყვეტ ფასაზაშია შესული და პარტიები გამალებით, თავგანწირვითა და თავზეხელახებულადაც იბრძვიან. პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ ცვლის ვერც უკრაინაში განვითარებული შემაშფოთებელი და უმწვავესი მოვლენები. საქართველოს მოქალაქეებისთვის ახლა და ამჟამად ყველაზე აქტუალურია საკითხი: ზურაბიშვილი, თუ ვაშაძე?

თუმცა რაც არ უნდა ბობოქარი მოვლენები ვითარდებოდეს და ვნებათაღელვა პიკს აღწევდეს შინაურობაში, ეს არ ახდენს გავლენას არც მსოფლიოზე და არც საერთაშორისო დღის წესრიგზე. ეს საკითხი, სწორედ რომ პირიქით დგას: საქართველოს გარეთ არსებული ვითარება დიდწილად განსაზღვრავს, გავლენას ახდენს და ასახვას პოულობს საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე. თუმცა საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველო მომავალ ორშაბათამდე საკუთარ თავს ვერ დაინახავს, რადგან ოთხშაბათს არჩევნებია.

სწორედ იმ პერიოდში, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატები გამარჯვებისთვის იბრძვიან, საქართველოს პარლამენტარები „პატრიოტთა ალიანსიდან“ მოსკოვში ვიზიტს ახორციელებენ. ადა მარშანია და გიორგი ლომია 22 ნოემბერს მოსკოვში დუმაში ესწრებოდნენ კონფერენციას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი ქვეყნების პარლამენტების ფრაქციების ლიდერებთან ერთად.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ დე-ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებიც, რა თქმა უნდა, სრულფასოვანი წევრების სტატუსით. საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა: „ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ამისათვის დიახ, პირდაპირ უნდა ვესაუბროთ აფხაზებსა და ცხინვალის წარმომადგენლებს. უნდა გამოვასწოროთ საქმე, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა დააზიანა, ვგულისხმობ მოწინააღმდეგისთვის ქართული მიწების ჩაბარებას. ქვეყნის გაერთიანება თუ გვინდა, ეს პირდაპირი დიალოგის გარეშე არ გამოვა, სწორედ ამიტომ, ღიად ვსაუბრობთ აფხაზებთან და ოსებთან და გავაგრძელებთ ამ საუბარს არა მარტო მოსკოვში, არამედ ბრიუსელსა და სტრასბურგში, ასევე სოხუმშიც. მზად ვარ, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, აფხაზეთში ჩავიდე”.

ინაშვილმა ასევე თქვა, რომ ესაა მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია. „მე არ მაქვს კონტაქტი სალომე ზურაბიშვილთან. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეზი, ამოცანები და ეს არავითარ კავშირში არ არის ზურაბიშვილთან“.

სწორედ ამ განცხადებიდან ერთ დღეში რუსეთთან ურთიერთობის დათბობის მოსურნე „პატრიოტთა ალიანსმა“ თავისუფლების მოედანზე მიტინგი გამართა სახელწოდებით „არა ნაცებს“ სახელისუფლებო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად.

„საქართველო ქართველი ხალხის არის. ბოკერიები-სააკაშვილები არ გამოსწორდებიან. არ დავუთმობთ საქართველოს ამ მანიაკებს. ამიტომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და მოვიკრიბოთ ძალები, მივიდეთ არჩევნებზე, მხარი დავუჭიროთ ზურაბიშვილს და იცოდეს მან, რომ მას ირჩევს არა „ქართული ოცნება“, არამედ ქართველი ხალხი. სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებელია ქართველი ხალხის წინაშე. ქართველ ხალხს არავინ აღარ უნდა უღალატოს“ - განაცხადა მოსკოვთან ურთიერთობის დათბობის მომხრე ინაშვილმა მიტინგზე.

„ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ყველამ გაიგოს, რამდენი ვართ“ - აცხადებდა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი დავით თარხან-მოურავი თავისუფლების მოედანზე. მან საკუთარ გამოსვლაში მოსკოვში ჩასვლის მიზეზებიც განმარტა. „მოსკოვში ქართველები შეხვდნენ აფხაზებს და ოსებს და ისხნდნენ ერთ მაგიდასთან. შევხვდით, ვილაპარაკეთ იმაზე, რომ უნდა შევრიგდეთ და დაგვპატიჟეს სოხუმში“ - განმარტა თარხან-მოურავმა.

მან გამოსვლა ოპონენტების განადგურების აუცილებლობის შესახებ საუბრით გააგრძელა. „ბრძოლა ახლა იწყება,“ ამბობდა ის, რომლის პარტიაც საქართველოს პარლამენტშია და რომელიც ხელისუფლებასთან მჭიდროდ 2012 წლიდან თანამშრომლობს. „თუ არ გავანადგურეთ, საერთოდ თუ არ გაქრა "ნაციონალური მოძრაობა", არაფერი გვეშველება. რეზოლუციაა პარლამენტში შესატანი, უნდა მოვითხოვოთ, ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმი და დაისაჯონ“ აგრძელებდა კონფტონტაციულ ტონს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი.

მიტინგზე გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველიც გამოვიდა და არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.

„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია თბილისში პარლამენტის წინ ვერ შედგა, რადგან ეს ტერიტორია 10 ნოემბრიდან ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტის ადგილია. მიუხედავად იმისა, რომ ისინიც შვილმკვდარი მშობლები არიან და ანალოგიური მოთხოვნა აქვთ - დამნაშავეთა დასჯა, „პატრიოტთა ალიანსის“ დღის წესრიგში ვერ თავსდებიან. „პატრიოტთა ალიანსი“ მათი პროტესტის მიმართ გულგრილია.

პარადოქსი, ცნებებისა და ღირებულებების აღრევა და შერჩევითობა - ეს თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის ერთგვარი ლაიტმოტივი იყო. ერთსა და იმავე დროს, ისინი მოითხოვენ სამართლიანობის აღდგენას, ხელისუფლებისგან, რომელსაც მხარს უჭერენ. როგორ უნდა უჭერდე მხარს ხელისუფლებას და მართავდე მის მხარდამჭერ მიტინგს, სადაც თან წუწუნებდე ამავე ხელისუფლების მიერ გაუკეთებელ, თუ ვერ გაკეთებულ საქმეებზე, - ეს „პატრიოტების“ ნოუჰაუა. სწორედ ეს პარადოქსულობა სძენს კომიკურ ეფექტს „პატრიოტთა ალიანსის“ ძალისხმევას.

სამწუხაროდ, წინასაარჩევნო მარათონის დაძაბულობაში, აბობოქრებულ ვნებებსა და ემოციებში, როდესაც კადრები ყოველწამიერად ენაცვლებიან ერთმანეთს, არ არსებობს დაპაუზების, კადრის შენელების მექანიზმი, კომიკურობის უკეთ აღსაქმელად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG