რუსეთის პრეზიდენტმა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე დონალდ ტრამპის მიმართ დღეს საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ვლადიმირ პუტინი რესპუბლიკური პარტიის წამყვან კანდიდატს, უძრავი ქონების მაგნატს “სრულიად გამოკვეთილ პიროვნებას და უდაოდ ნიჭიერ ადამიანს” უწოდებს.
უცხოელი ჟურნალისტებისთვის მოსკოვში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ის მიესალმება ტრამპის მოწოდებას ამერიკას და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების თაობაზე. “ის ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის სხვა დონე სურს, უფრო მჭიდრო და ღრმა თანამშრომლობა” - განაცხადა პუტინმა. “როგორ შეიძლება ამას არ მიესალმო? რა თქმა უნდა, ჩვენ მას მივესალმებით”.
კრემლის ლიდერი არჩევნების შედეგების პროგნოზირებისგან თავს იკავებს. პუტინი არაფერს ამბობს იმის შესახებ, მოიგებს თუ არა 69 წლის კანდიდატი რესპუბლიკელთა პრაიმერებს. “მისი ღირსებების განსჯა ჩვენი საქმე არ არის, ეს ამერიკელმა ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს” - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი. თუმცა, მისი თქმით, “დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო მარათონის აბსოლუტური ლიდერია”. ვლადიმირ პუტინის განცხადების მიხედვით, მოსკოვი მზად იქნება მიესალმოს და “იმუშაოს ნებისმიერ პრეზიდენტთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი აირჩევს”.
წარმატებული ბიზნესმენისთვის და ერთხანს, სატელევიზიო შოუს წამყვანისთვის, პოლიტიკა ახალი ხილია. მაგრამ ამ ფაქტს მილიარდერი დონალდ ტრამპისთვის ხელი არ შეუშლია, რომ რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის დიდი უპირატესობა მოეპოვებინა.
რესპუბლიკელთა პირველი პრაიმერები თებერვალში აიოვაში გაიმართება და შემდეგ შტატიდან შტატში გადაინაცვლებს. ამერიკელი პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ იმის მიუხედავად, თუ ვინ ლიდერობს პრაიმერებამდე, ამომრჩევლები კანდიდატების მიმართ აზრს ხშირად არჩევნების წინა თვეებში იცვლიან.
ოთხშაბათს დასმულ კითხვაზე, თუ რას გადაწყვეტდა ის არჩევის შემთხვევაში სირიასთან დაკავშირებით, კერძოდ: რას გააკეთებდა იმისთვის, რომ რუსეთის საჰაერო რეიდები დაესრულებინა, დონალდ ტრამპმა პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და ვლადიმირ პუტინის პატივისცემის მოპოვებას შეეცადა.
“ვფიქრობ, მე და პუტინი ერთმანეთს გავუგებთ” - განაცხადა რესპუბლიკელთა წამყვანმა კანდიდატმა. “მე სხვებსაც გავუგებ და ბევრად უფრო სტაბილური სამყარო გვექნება. მე მას დაველაპარაკები და გავუგებ” - თქვა ტრამპმა.
ორიოდ თვეზე ნაკლები ხნის წინ, ოქტომბერში, უძრავი ქონების მაგნატს განსხვავებული აზრი ჰქონდა. მან თქვა, რომ “უკანა რიგში დაჯდებოდა” და მოსკოვის მიერ სირიელი ამბოხებულების წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო იერიშებში მიღწეულ პროგრესს შორიდან დააკვირდებოდა. დონალდ ტრამპის მაშინდელი განცხადებით, რუსებმა სირიის დაბომბვით თავი შესაძლოა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შედეგად დაგებულ მახეში გაიბეს.
რაც შეეხება დემოკრატ კანდიდატებს, იქ ლიდერობას კვლავ ჰილარი კლინტონი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ინარჩუნებს. სირიაში რუსეთის გააქტიურების წინააღმდეგი არც ჰილარი კლინტონია. მისი თქმით, დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლა “მსოფლიო მასშტაბის” ომია.
ტელეკომპანია “სი-ბი-ესთან” ინტერვიუში კლინტონმა განაცხადა, რომ ეგვიპტის ტერიტორიაზე რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, კრემლს დაჯგუფებასთან ბრძოლაში ჩართვა კიდევ უფრო უნდა სურდეს. “რუსებმა მათ თვითმფრინავზე არსებული ბომბის გამო ახლა დიდი საფასური გადაიხადეს” და ისლამურ სახელმწიფოსთან “ადამიანების სიცოცხლე წააგეს” - აღნიშნა დემოკრატთა წამყვანმა კანდიდატმა.
2016 წლის ნოემბერში დანიშნულ არჩევნებზე გამარჯვებული კანდიდატი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 2017 წლის იანვარში შეუდგება, მას შემდეგ, რაც თეთრ სახლს ამჟამინდელი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა დატოვებს.