ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინს ამერიკასთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს


რუსეთის ლიდერი აცხადებს, რომ იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს მომავალ წელს შეერთებულ შტატებში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში, მას ამერიკასთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი აქვს. განცხადება პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს უცხოელ ჟურნალისტებთან გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე გააკეთა. პუტინი ამბობს, რომ სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან კვირის დასაწყისში გამართული შეხვედრა ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის “იმ საკითხების მოგვარებისთვის, რომელთა გადაწყვეტაც მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.”

სირიას რაც შეეხება, რუსეთის ლიდერი იქ პოლიტიკური პროცესების დაწყებამდე, სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას გეგმავს. თუმცა, ამბობს, რომ არ იცის, სჭირდება თუ არა რუსეთს იქ სამხედრო ბაზა. მისი თქმით, მხოლოდ სირიელების გადასაწყვეტია ის, თუ ვინ იქნება ქვეყნის მმართველი.

უკრაინასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ჯარების ყოფნა კიდევ ერთხელ უარყო. მაგრამ, ისიც განაცხადა, რომ მოსკოვს არასოდეს უთქვამს უარი იმ ფაქტზე, რომ იქ “გარკვეული ადამიანები” საომარ ქმედებას აწარმოებენ.

XS
SM
MD
LG