ვლადიმირ პუტინი სავარაუდოდ, 12 ოქტომბერს ყირგიზეთს ეწვევა, რაც შესაძლოა იყოს პირველი საერთაშორისო ვიზიტი, მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა.
რუსეთის პრეზიდენტს პატიმრობა უკრაინაში ომის დანაშაულების, კონკრეტულად კი ასობით ბავშვის უკანონოდ დეპორტაციის ბრალდებით ემუქრება.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ვლადიმირ პუტინი ქვეყნის საზღვრებს იშვიათად ტოვებს. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი მედიისთვის დანამდვილებით ცნობილი არაა, ჰქონდა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს საერთაშორისო ვიზიტი.
ასევე ნახეთ: ბაიდენი ისრაელის დახმარების პირობას დებსრუსეთის პრეზიდენტი ყირგიზეთში პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ქვეყანას ეწვევა“, - წერია განცხადებაში, რომელიც ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
პუტინი ჯაფაროვს მაისში ესაუბრა. როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტი სწორედ მაშინ დათანხმდა მიწვევას, თუმცა ამ დრომდე კრემლი არ ადასტურებს ჩავა თუ არა ხუთშაბათს ვლადიმირ პუტინი ყირგიზეთში.
არსებობს მოლოდინი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩავა ჩინეთშიც, სადაც ის პეკინში "სარტყელისა და გზის" მესამე ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
ასევე ნახეთ: მოსკოვის სასამართლომ, ამერიკელი ჟურნალისტის საჩივარი არ დააკმაყოფილაარც ყირგიზეთი და არც ჩინეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრები არ არიან, შესაბამისად მათ არ აქვთ ვალდებულება რუსეთის პრეზიდენტი დააკავონ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ომის დამნაშაულებს იკვლევს და ბრალდებულებს ასამართლებს. სასამართლოს წევრი არ არის რუსეთიც. მოსკოვი კი პუტინის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწყოდებს.