პუტინი ამბობს, რომ უკრაინაში ომი გლობალური ხდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ უკრაინაში ომის ესკალაცია ხდება და ის გლობალურ კონფლიქტად გარდაიქმნება. ამის მიზეზად კი გავრცელებულ ცნობებს ასახელებს იმის თაობაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა უკრაინას რუსეთზე თავიანთი წარმოების შორი რადიუსის იარაღით თავდასხმის უფლება მისცეს.

პუტინი დასავლეთს აფრთხილებს, რომ მოსკოვს საპასუხო თავდასხმების განხორციელება შეუძლია. ის ასევე ამბობს, რომ რუსეთმა ამერიკული და ბრიტანული რაკეტების გამოყენებას საშუალო რადიუსის ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით უპასუხა, იერიში უკრაინულ სამხედრო ობიექტზე მიიტანა და უკრაინა სხვა თავდასხმებსაც უნდა ელოდოს.

რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა უკრაინას რუსეთის სიღრმეში ამერიკული შორი რადიუსის იარაღით - "ATACMS" რაკეტებით თავდასხმის უფლება მისცა, კიევმა 19 ნოემბერს 6 ამერიკული "ATACMS" გამოიყენა, 21 ნოემბერს კი ბრიტანული "სტორმ შედოუთი" და ამერიკული "ჰაიმარსებით" მიიტანა იერიში.

"ამ მომენტიდან, როგორც ჩვენ გამუდმებით ვუსვამთ ხაზს, რეგიონულმა კონფლიქტმა უკრაინაში, რომელიც მანამდე დასავლეთმა წააქეზა, გლობალური [კონფლიქტის] ელემენტები შეიძინა", - თქვა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემული მიმართვისას. მან დასძინა, რომ შეერთებულ შტატებს მსოფლიო გლობალური კონფლიქტისკენ მიჰყავს.

ასევე ნახეთ: დნიპროზე ბალისტიკური თავდასხმის შესახებ ეჭვობენ

"და აგრესიული ქმედებების ესკალაციის შემთხვევაში, ჩვენც გადამწყვეტად და სიმეტრიულად ვუპასუხებთ", - თქვა მან.

პუტინი ასევე დასძენს, რომ უკრაინელების მიერ ამერიკული იარაღის გამოყენებას არანაირი სერიოზული ზიანი არ მოჰყოლია.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედს აკონტროლებს, 2014 წელს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ჩათვლით. დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების 80 % და ზაპორიჟიისა და ხერსონის რეგიონების 70 % რუსული ჯარის კონტროლის ქვეშაა. ასევე, ხარკივის რეგიონის 3% და მიკოლაივის მცირე ნაწილი.