რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გეგმავს, რომ აფრიკულ ქვეყნებს უფასო მარცვლეული მიაწოდოს. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, პუტინმა აფრიკელ ლიდერებს 27 ივლისს უთხრა, რომ დასავლეთის სანქციების მიუხედავად, რუსეთი აფრიკულ ქვეყნებს ათიათასობით ტონა მარცვლეულს აჩუქებს.
პეტერბურგში რუსეთ-აფრიკის სამიტზე გამოსვლის დროს ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი მარცვლეულის რეკორდულ მოსავალს ელოდება და მზად არის, სრულად ჩაანაცვლოს უკრაინის ექსპორტი აფრიკის ქვეყნებში, როგორც კომერციული ასევე ჰუმანიტარული კუთხით. პუტინის თქმით, ამ გზით მოსკოვი შეინარჩუნებს კრიტიკულ როლს, რომელიც გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაში აქვს.
ასევე ნახეთ: ობრაიენი: “გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვიცით რა იტვირთება თვითმფრინავებში, როცა ისინი რუსეთში ბრუნდება”„ჩვენ მზად ვიქნებით ბურკინა ფასოს, ზიმბაბვეს, მალის, სომალის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას და ერთითრეას, მომდევნო 3-4 თვეში, თითოეულს 25-50 000 ტონა უფასო მარცვლეული მივაწოდოთ “, - თქვა პუტინმა.
სამიტზე საუბრის დროს პუტინმა თქვა, რომ გასულ წელს, რუსეთმა, 60 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი განახორციელა, აქედან 48 მილიონი ტონა ხორბალი იყო.
რუსეთმა 17 ივლისს დატოვა გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მიღწეული შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, კრემლმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქერჩის ხიდზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეორე თავდასხმა განხორციელდა, რომელშიც მოსკოვი კიევს ადანაშაულებს.
24 ივლისს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა თქვა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაუქმება და რუსეთის მიერ უკრაინის პორტების დაბომბვა, საიდანაც მარცვლეულის ექსპორტი ხდებოდა, „განსაკუთრებით დამღუპველი იყო დაუცველი ქვეყნებისთვის“.