ამ კვირაში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დასწრება დაგეგმილი არ არის. პრეზიდენტი პუტინი ამ დრომდე თვითიზოლაციაში რჩება, მას შემდეგ რაც გასულ კვირას მის წრეში კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა.
ასევე ნახეთ: ჯანმოში დამტკიცების პროცესის ჩავარდნის მიუხედავად, რუსეთი ვაქცინის ექსპორტს აგრძელებს
გაეროში, გენერალურ ასამბლეაზე, დახურულ სივრცეებში ღონისძიებებზე დასასწრებად, მონაწილეებმა უნდა აჩვენონ, რომ “კოვიდ-19” ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვთ მიღებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კი რუსული ვაქცინა “სპუტნიკ-V” ავტორიზაცია არ მიუნიჭებია.
რუსეთის მთავრობამ დაგმო დასწრებასთან დაკავშირებული გაეროს რეგულაციები. რუსეთის ელჩმა ზომებს “აშკარად დისკრიმინაციული” უწოდა.
კრემლის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ მოსკოვს ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა ასამლეაში პრეზიდენტი პუტინი დისტანციურად მონაწილეობას.