რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინაში F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება მხოლოდ კონფლიქტის გახანგრძლივებას გამოიწვევს.
ვლადივოსტოკში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა ასევე თქვა, რომ ყოველდღიურად 1,000-დან 1,500-მდე რუსი მოხალისე ემატება რუს სამხედროებს და რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 270,000 ბრძოლის მსურველი დარეგისტრირდა თავდაცვის სამინისტროში.
პუტინი ასევე ამტკიცებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა, რომელიც ივნისში რუსული ძალებისგან ტერიტორიის დაბრუნების მცდელობის მიზნით დაიწყო, ჩავარდა და წარუმატებელი აღმოჩნდა.
უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს რამდენიმე სოფელი აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში. კონტშეტევისას სამხედროები ცდილობენ გაარღვიონ რუსული თავდაცვითი ხაზები და განაღმონ ველები.
ასევე ნახეთ: უკრაინა ფრონტის ხაზზე პროგრესზე საუბრობსშეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას გამოაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უახლესი, 1 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტის შესახებ. სამხედრო დახმარება უკრაინაში თავად სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩაიტანა, როდესაც ის კიევს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ჯერ არ დადასტურებულა, ბაიდენის ადმინისტრაცია, განიხილავს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემას, რომლებიც სავსეა კასეტური ბომბებით და რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს რუსეთის თავდაცვას. საუბარია ATACAMS სარაკეტო სისტემაზე, რომელსაც 306 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია.
ბაიდენის ადმინისტრაცია ამ დრომდე უარს ამბობდა, რომ ეს სისტემა უკრაინისთვის გადაეცათ, თუმცა რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, დასავლურ მედიაში წერენ, რომ F-16-ების და სხვა ამერიკული საბრძოლო სისტემების, თუ იარაღის მსგავსად, ATACAMS შესაძლოა, უკრაინისთვის რეალობად იქცეს.