ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ფრონტის ხაზზე პროგრესზე საუბრობს


11 სექტემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მისმა ჯარებმა აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე დამატებითი ტერიტორია დაიბრუნეს. პარალელურად, კეივს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მოულოდნელად ეწვია და უკრაინის ურყევ მხარდაჭერას დაჰპირდა.

„ბახმუტის მიმართულებით, თავდაცვის ძალებს აქვთ ნაწილობრივი წარმატება, [კერძოდ] დონეცკის ოლქის კლიშჩიევკას რაიონში... სასტიკი ბრძოლები გრძელდება“, - იტყობინება გენერალური შტაბი თავის ყოველდღიურ ბიულეტენში.

სამხედროებმა განაცხადეს, რომ გასულ 24 საათში, 30-ზე მეტი შეტაკება მოხდა უკრაინულ ძალებსა და რუს ჯარებს შორის.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა თქვა, რომ უკრაინის ძალებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თითქმის 2 კვადრატული კილომეტრი მიწა დაიბრუნეს - მათ შორის დონეცკის რეგიონის სოფელ ოპიტნეს ნაწილი.

მან ასევე აღნიშნა გარკვეული "წარმატება" აღმოსავლეთის სოფლების ნოვომაიორსკეს, ანდრიევკასა და კლიშჩიევკას მახლობლად.

კიევის ჯარებმა ბახმუტთან 49 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნეს მას შემდეგ, რაც უკრაინამ ივნისში კონტრშეტევა დაიწყო, განუცხადა მალიარმა უკრაინულ ტელევიზიას 11 სექტემბერს.

მალიარის თქმით, კიევმა ასევე დაიკავა 1,5 კვადრატული კილომეტრი სამხრეთით, სადაც უკრაინული ჯარები აზოვის ზღვისკენ ცდილობენ წინსვლას. მან ასევე აღნიშნა გარკვეული პროგრესი ზაპორიჟიეს რეგიონის რობოტინესა და ვერბოვის სოფლის დასახლებებთან.

კიევმა ასევე 11 სექტემბერს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის საბურღი პლატფორმები "ბოიკო თაუერსი" დაიკავეს, რომელსაც რუსეთი 2015 წლიდან აკონტროლებდა. პლატფორმები მდებარეობს მოსკოვის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულსა და უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ოდესის რეგიონის სანაპიროებს შორის.

„ოპერაციის ერთ-ერთი ეტაპზე [პლატფორმის დასაბრუნებლად] ბრძოლა მიმდინარეობდა უკრაინულ სპეცრაზმის ნავებს და რუსულ სუ-30 გამანადგურებელ თვითმფრინავს შორის“,- განაცხადა კიევის სამხედრო დაზვერვამ. მოსკოვის თვითმფრინავს „აიძულეს უკან დახევა", - ნათქვამია განცხადებაში.

გასული წლის სექტემბერში რუსეთმა განაცხადა, რომ მოახდინა დონეცკის, ზაპორიჟიესა და კიდევ ორი უკრაინის რეგიონის ანექსია, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა სრული სამხედრო კონტროლი რეგიონებზე. მოსკოვმა გასულ უქმეებზე იქ არჩევნები ჩაატარა და თქვა, რომ არჩევნებში პარტიამ „ერთიანი რუსეთი“ გაიმარჯვა. არჩევნები კიევმა და დასავლეთმა დაგმო, როგორც ფარსი და საერთაშორისო სამართლის დარღვევა.

ბერბოკმა კიევში ვიზიტისას თქვა, რომ გერმანია დამატებით 21,4 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კიევს, რითაც უკრაინისთვის გაცემული დამხარება წელს 407,6 მილიონ დოლარს მიაღწევს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ბერლინს სურს დაეხმაროს უკრაინას მიაღწიოს პროგრესს კანონის უზენაესობის განმტკიცებაში, კორუფციასთან ბრძოლაში და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში.

უკრაინას შეუძლია „სჯეროდეს ევროკავშირის გაფართოების ჩვენი გაგების, როგორც რუსეთის ომის აუცილებელ გეოპოლიტიკურ შედეგის“, - თქვა ბერბოკმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG