პუტინმა მოციგურავე კამილა ვალიევას სახელმწიფო ჯილდო გადასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 26 აპრილს, მოზარდი მოციგურავე კამილა ვალიევას დასაცავად თქვა, რომ რუსი მოციგურავის გამოსვლის ხარისხის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ნებისმიერი აკრძალული ნივთიერების გამოყენებით.

ვალიევა პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე დოპინგის სკანდალის ცენტრში მოექცა. დეკემბერში, რუსეთის ეროვნულ ჩემპიონატზე, ვალიევამ დოპინგის ტესტი ვერ გაიარა, თუმცა ეს შედეგი მხოლოდ 8 თებერვალს გამჟღავნდა, იმის მეორე დღეს, როდესაც ის რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს გუნდურ ჩათვლაში ოქროს მოპოვებაში დაეხმარა.

ასევე ნახეთ: მსოფლიო ანტიდოპინგის სააგენტომ უარი თქვა რუსეთისთვის აკრედიტაციის აღდგენაზე

რუსი ოლიმპიური და პარა-ოლიმპიური მედალისტების კრემლში გამართული, ტელევიზიით გადაცემული ცერემონიის დროს პუტინმა თქვა: „მთელი ქვეყანა, ფიგურული ციგურაობის გულშემატკივრები მთელ მსოფლიოში, კამილას გამო განსაკუთრებით ღელავდნენ... ასეთი სრულყოფილების უპატიოსნოდ, დამატებითი ნივთიერებების და მანიპულაციების დახმარებით მიღწევა შეუძლებელია“.

პუტინმა ვალიევას სახელმწიფო ჯილდო გადასცა და მე-16 დაბადების დღე მიულოცა, რომელიც 26 აპრილს იყო.

პეკინის ოლიმპიადაზე, სპორტის არბიტრაციის სასამართლომ ვალიევას ქალთა შეჯიბრში მონაწილეობის უფლება მისცა, მაგრამ ინდივიდუალური თავისუფალი პროგრამის დროს რამდენჯერმე წაქცევის შემდეგ, მეოთხე ადგილზე გავიდა.

წლების განმავლობაში დოპინგის სანქციების და სპორტის სხვადასხვა სახეობებში სამართლებრივი დავების შემდეგ, პეკინის ოლიმპიადაზე რუსეთი სახელმწიფო დროშის და ჰიმნის გარეშე, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით გამოვიდა. რუსეთმა უარყო, რომ დოპინგი სახელმწიფოს სპონსორობით ხდებოდა.