სიმაღლეში მხტომელი, სამ გზის მსოფლიო ჩემპიონი, მარია ლასიცკინი ერთ-ერთია რუს სპორტსმენებს შორის, ვინც „დოპინგის კრიზისის“ შექმნაში რუსეთის ფედერაციის, სპორტის უწყებების მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს.
ლასიცკინი მიიიჩნევს, რომ სპორტის სამინსტრომ და ოლიმპიურმა კომიტეტმა, შექმნილი კრიზისისგან სპორტსმენების დაცვა ვერ შეძლო.
„მე უკვე მომიწია ერთი ოლიმპიადის გამოტოვება და საერთაშორისო ჩემპიონატებში ნახევარი წლის გაცდენა. როგორც ჩანს, ეს არ არის დასასრული. ვინ არის დამნაშავე? ვინ დამიბრუნებს იმას, რაც დავკარგე?“ - წერს, რუსულ სპორტულ მედიაში გავრცელებულ ღია წერილში, ლასიცკინი.
მსოფლიოს ანტი-დოპინგის სააგენტოს გადაწყვეტილება, გუშინ გახდა ცნობილი. გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიადაში მონაწილეობა ოთხი წლით აეკრძალა. შედეგად, რუსეთი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადასა და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთი ლაბორატორიულ მონაცემებს აყალბებდა და დოპინგის გამოყენების დამადასტურებელ სამხილებს ანადგურედა.
„რუსეთს მიეცა ყველა შესაძლებლობა, რომ სიტუაცია გამოესწორებინა და გამხდარიყო გლობალური ანტი-დოპინგის საზოგადოების წევრი, მისი ათლეტების სასარგებლოდ და სპორტში სამართლიანობის შესანარჩუნებლად. თუმცა მან აირჩია გაეგრძელებინა უარყოფის და თაღლითობის გზა“, - განაცხადა სააგენტოს პრეზიდენტმა სერ კრაიგ რიდიმ.
ანტი-დოპინგის სააგენტოს გადაწყვეტილებას, გუშინვე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. ვლადიპერ პუტინის თქმით, სააგენტოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და რუსეთი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
რუსეთის ანტი-დოპინგის სააგენტოს გადაწვეტილების გასაჩივრება 21 დღის ვადაში, შვეიცარიაში მდებარე, სპორტის არბიტრაჟის სასამართლოში შეუძლია.
Facebook Forum