რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოდის. ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" ავრცელებს. "ამას არ გავაკეთებდი სწორედ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო" - უთხრა რუსეთის ლიდერმა ჟურნალისტებს.
პუტინს კითხვა ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში მის შეურაცხყოფაზე და მის წინააღმდეგ საქმის აღძვრაზეც დაუსვეს. "დიდი პატივი იქნებოდა ამის გამო რაიმე საქმის აღძვრა. გააგრძელოს მაუწყებლობა" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, რუსეთის დუმაში მიიღეს დადგენილება საქართველოს თაობაზე. პარლამენტარები მხარს უჭერენ საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ამოქმედებას და რუსეთის მთავრობას სანქციების განხილვის რეკომენდაციას აძლევენ.
მომდევნო ეტაპი მთავრობის მიერ სპეციალური ეკონომიკური ზომების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება და რუსეთის პრეზიდენტისთვის წარდგენაა. ეკონომიკური სანქციები მოიცავს რუსეთიდან ფულადი გზავნილების აკრძალვას და ქართული იმპორტის შეჩერებას, მათ შორის - ღვინის და მინერალური წყლის.