ჰონგ-კონგში პოლიციამ პროდემოკრატიული მოძრაობის და საპროტესტო აქციების 3 ლიდერი და აქტივისტი დააკავა. შაბათს ჰონგ-კონგში მორიგი მასშტაბური დემონსტრაცია იყო დაგეგმილი. თუმცა სააპელაციო საბჭომ ორგანიზატორებს მისი ჩატარების ნებართვა არ მისცა.
ჯოშუა უონგი, პოლიტიკური პარტიის, დემოსისტოს დამფუძნებელი პარასკევს დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, მას ბრალი 21 ივნისის არასანქცირებული საპროტესტო აქციის დაგეგმვაში ედება. მისი პარტიის წევრები "ტვიტერის" გვერდზე წერენ, რომ ის უეცრად ქუჩაში დაიჭირეს და კერძო (არა პოლიციის) მანქანაში ძალით ჩასვეს. მეორე აქტივისტი ამავე პარტიიდან, აგნეს ჩოუ საკუთარ სახლში დააკავეს. პოლიციის თქმით, 22 წლის ორივე ახალგაზრდა არასანქცირებული შეკრების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი და ასევე იმაში, რომ ისინი ამგვარ პროტესტში გაცნობიერებულად მონაწილეობდნენ.
უონგი ცნობილი ადამიანია ჰონგ-კონგში. ის ე.წ. მოძრაობა "ქოლგის" ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელიც ორგანიზებას უწევდა პრო-დემოკრატიულ პროტესტს 2014 წელს, რის შედეგადაც ქალაქის ნაწილები თითქმის 80 დღის მანძილზე იყო გადაკეტილი. მან ამისთვის ხუთი წელი გაატარა ციხეში და სწორედ წელს, ივნისში გათავისუფლდა.
პოლიციამ ასევე დააკავა ენდი ჩანიც, ასევე დამოუკიდებლობის მომხრე, ჰონგ-კონგის ნაციონალური პარტიის დამფუძნებელი. მას "ამბოხში მონაწილეობა" და "პოლიციაზე თავდასხმა" ედება ბრალად.
აქტივისტები ამბობენ, რომ ამჯერად ჩინეთი წლევანდელ პროტესტზე გაცილებით აქტიურად და მწვავედ რეაგირებს, ვიდრე 5 წლის წინ. ამ ზაფხულს საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე 900-მდე მომიტინგეა დაკავებული.