ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ამერიკის ხმა" ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ ჯონ ბოლტონს ესაუბრა


„ამერიკის ხმამ“ ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩეველ ჯონ ბოლტონისგან ინტერვიუ აიღო. გრეტა ვენ სასტერენი ჯონ ბოლტონს ისეთ თემებზე ესაუბრა, როგორიცაა ვენესუელის სანქციები, ვენესუელის საქმეებში რუსეთის და ჩინეთის ჩარევა, პროტესტები ჰონგ კონგში, ჩრდილოეთ კორეა, ბირთვული იარაღის გავრცელება და სხვა.

ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ ვენესუელის ხალხმა უნდა იცოდეს, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მათ კანონიერ სურვილს, რომ საკუთარი მთავრობა თვითონვე აკონტროლონ და თავიდან მოიცილონ ტოტალიტარული სამხედრო რეჟიმი, რომელმაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა დაანგრია. "დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნები, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემას თითქმის ერთსულოვნად უჭერენ მხარს. 56-მა მთავრობამ ხუან გუაიდო კანონიერ დროებით პრეზიდენტად აღიარა. ვენესუელაში ახლა რთული დროა, რადგან ოცი წლის განმავლობაში ეკონომიკას არასწორად მართავდნენ,"-თქვა მან.

„ამერიკის ხმის“ კითხვაზე, თუ ვენესუელის მოსახლეობა, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარების შექმნაში, ამერიკული სანქციების როლს როგორ უნდა აფასებდეს, ჯონ ბოლტონმა უპასუხა, რომ სანქციები ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ამოქმედდა, ხოლო ქვეყნის ეკონომიკის გაჩერებაში ბრალი "ოცწლიან არასწორ მართვას მიუძღვის და სანქციების წნეხი მიმართულია რეჟიმის, მისი სამხედრო ძალების და ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში სახელმწიფოს შემოსავალს იპარავდა."

„ამერიკის ხმამ“ ჯონ ბოლტონს ჰკითხა, შეერთებული შტატების სანქციებით როგორი გზავნილი უნდა მიიღონ რუსეთმა, ჩინეთმა და კუბამ, რომლებიც მადუროს რეჟიმთან თანამშრომლობენ. ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩეველმა თქვა, რომ მათ ვენესუელის საშინაო საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტონ. ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ ამჟამად, ვენესუელაში 20 ათასიდან 25 ათასამდე კუბელი იმყოფება, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეები ან გასამხედროებული ჯგუფების წევრები არიან. "კუბელებმა რომ ვენესუელა უეცრად დატოვონ, მადურო ხელისუფლებას მაშინვე დაკარგავს,"-აღნიშნა ბოლტონმა.

მისი თქმით, რუსები და ჩინელები კი კარგად და ღრმად უნდა დაფიქრდნენ თუ რა ბედი ეწევა მათ მიმართ ვენესუელის მთავრობის მილიარდობით ვალს, თუ შემდეგი მთავრობა ჩათვლის, რომ ვალი უკანონოდ დაგროვდა და მას არ აღიარებს. შეერთებული შტატების სამხედრო ჩარევის თაობაზე ბოლტონმა განაცხადა, რომ ყველა ვარიანტი განიხილება, მაგრამ შეერთებულ შტატებს ვენესუელაში ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა სურს. მან ასევე აღნიშნა, რომ ვენესუელასთან მიმართებაში შეერთებულ შტატებს ეკონომიკური, ეროვნული უსაფრთხოების და ჰუმანიტარული მოტივები გააჩნია.

ჰონგ კონგის პროტესტების შესახებ ჯონ ბოლტონმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ ჩინეთმა საკუთარი ნაბიჯები გულდასმით უნდა გათვალოს, რადგან "ამერიკელებს კარგად ახსოვთ ტიანანმენის მოედანი და ახსოვთ, რომ ჩინელ ხალხს თავისუფლება და დემოკრატია სურს."

„ამერიკის ხმამ“ მრჩეველს შეახსენა, რომ ტიანანმენის მიუხედავად, ჩინეთს ეკონომიკურად არაფერი გაჭირვებია. ბოლტონმა განმარტა, რომ ჩინეთის მაშინდელი წარმატების ერთი მიზეზი იყო ამერიკული ინტელექტუალური საკუთრების მოპარვა, ტექნოლოგიის იძულებითი გადაცემა არა მხოლოდ შეერთებული შტატებიდან, არამედ ევროპიდან და იაპონიიდანაც. კონტინენტურ ჩინეთში ინვესტიციების დაახლოებით 60 პროცენტი ჰონგ კონგის მეშვეობით შედის, რადგან ინგლისურ მოდელზე დაფუძნებული სანდო სასამართლო სისტემა აქვს და ვიცით, რომ სასამართლო მიუკერძოებელია. "თუ ჩინეთის მთავრობის ცუდი გადაწყვეტილების გამო ჰონგ კონგი ასეთ რეპუტაციას დაკარგავს, ეს ჩინეთს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზიანს მოუტანს-", აღნიშნა მან.

ჩრდილოეთ კორეის საკითხზე ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია წინა მთავრობების შეცდომას არ გაიმეორებს და თუ ფხენიანს ჰგონია, რომ ბირთვული პროგრამის საკითხში მცირე დათმობებით თავისი ეკონომიკის გადასარჩენად ხელშესახებ შეღავათებს მიიღებს, დიდ შეცდომას უშვებს. "ბირთვულის გარდა, ჩრდილოეთ კორეას ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის პროგრამებიც აქვს და მისი მოცილება ამ ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება,"-აღნიშნა მრჩეველმა.

„ამერიკის ხმამ“ ჯონ ბოლტონს რუსეთში მომხდარ ავარიაზე დაუსვა კითხვა, რომელიც ბირთვულ ავარიას ჰგავდა. უსაფრთხოების საკითხების მრჩეველმა უპასუხა, რომ ადმინისტრაციას უფრო მეტი ინფორმაცია გააჩნია, ვიდრე მისი გაზიარება შეუძლია, თუმცა აღნიშნა - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკა დაახლოებით ჰოლანდიის ეკონომიკის ზომისაა, ეს ქვეყანა ბირთვული იარაღის მიტანის ტექნოლოგიაში წინსვლას ცდილობს და მეტწილად მოპარულ ამერიკულ ტექნოლოგიას ეყრდნობა.

ბოლტონმა თქვა, რომ რუსეთთან ბევრ საკითხზე საუბრები გრძელდება. პრეზიდენტი ტრამპი ფიქრობს, რომ პრეზიდენტ პუტინთან კარგი პირადი ურთიერთობა აქვს და იმედოვნებს, რომ ეს რაიმე კონკრეტულ შედეგს მოიტანს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG