საქართველოში ინფლაცია 6.9%-ია, ფასები პურზე -8, ხორცზე -15, რძის პროდუქტებზე -23 და ხილზე 45 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემებს აქვეყნებს, რომელთა თანახმადაც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ბევრ საარსებო პროდუქტზე ფასები გაიზარდა.

2020 წლის აპრილში, გასული წლის აპრილთან შედარებით, ხილი - 45%-ით, რძის პროდუქტები - 23%-ით, ხორცპროდუქტები -15%-ით, ხოლო პურპროდუქტები 8.4%-ით გაძვირდა.

ასევე ნახეთ: წინასწარი პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა პანდემიის გამო 4%-ით შემცირდება


„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ „2020 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.“

ამავე ანგარიშის თანახმად, წლიურ ინფლაციაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, სადაც ფასები გაიზარდა 16.1 %-ით. პროდუქციის ქვეჯგუფებზე კი ფასები ასეა მომატებული:

  • ხილი და ყურძენი - 45.4%
  • რძე, ყველი და კვერცხი - 23.2%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 16.9%
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 15%
  • თევზეული - 14.9%
  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 14.1%
  • ზეთი და ცხიმი - 11.0%
  • მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 10%
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 10%
  • პური და პურპროდუქტები - 8.4%

„საქსტატის“ ინფორმაციით, ჯანდაცვაზე „მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 4.9%-ით. ფასების ზრდა დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (8.4%) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურების (4.4 %) ქვეჯგუფებზე;

აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.