ყოველი წლის თებერვლის მესამე ორშაბათს, ამერიკა პრეზიდენტის დღეს აღნიშნავს. პრეზიდენტის დღე შეერთებულ შტატებში ფედერალურ დასვენების დღედაა გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დღეს ამერიკაში ყველა ფედერალური დაწესებულება, ასევე სასწავლო დაწესებულებებიც, დაკეტილია.
პრეზიდენტის დღე ამერიკის თანადამფუძნებელთაგან ერთ-ერთის და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის დაბადების დღეს უკავშირდება. ვაშინგტონი ეწინააღმდეგებოდა თავისი დაბადების დღის საჯაროდ აღნიშვნას, თუმცა მისი დაბადებიდან 292 წლის შემდეგაც, ქვეყანა უკვე ტრადიციულად, პრეზიდენტის დღეს ზეიმობს და პატივს მიაგებს წარსულის თუ აწმყოს ყველა პრეზიდენტს.
ასევე ნახეთ: ჯო ბაიდენი 81 წლის გახდავაშინგტონის სიცოცხლეში, კონგრესმა კენჭი უყარა წინადადებას, რომ პრეზიდენტის დაბადების დღე დასვენების დღით აღენიშნათ. ვაშინგტონის პრეზიდენტობის ორივე ვადის დროს ასეც იქცეოდნენ. გამონაკლისი მხოლოდ მისი პრეზიდენტობის ბოლო დაბადების დღე იყო, როდესაც ის ნაკლებად პოპულარული გახდა ხალხში და მისი კაბინეტის უმეტესობა მთავრობაში აღარ იყო.
ვაშინგტონის დაბადების დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების კომიტეტი კონგრესში 1832 წელს შეიქმნა. ხოლო პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე ფედერალურ დასვენებად კოლუმბიის ოლქის მცხოვრებლებისთვის, 1879 წელს გამოაცხადეს.
მართალია დღევანდელი დღე ჯორჯ ვაშინგტონის დაბადების დღეს 22 თებერვალს უკავშირდება, თუმცა, მისი ოფიციალური დასახელება პრეზიდენტის დღეა. ამერიკელების ნაწილს სურდა, რომ ამ დღეს ასევე პატივი მიეგოთ პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნისთვისაც, რომლის დაბადების დღე 12 თებერვალსაა. დღეს უკვე პრეზიდენტის დღე ამერიკის ყველა პრეზიდენტის და საპრეზიდენტო კულტურისადმი პატივისცემის გამოხატვის, მისი დაფასების დღედაა მიჩნეული.