პრეზიდენტი ზურაბიშვილი დღეს იძულებული გახდა, თავადვე გამოეცხადებინა მორატორიუმი ექსკლუზიურ, კონსტიტუციურ უფლებაზე - შეწყალებაზე, მას შემდეგ, რაც ორმაგი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. როგორც ოპოზიციამ, ისე მმართველმა პარტიამ ზურაბიშვილის მიერ, 28 აგვისტოს გამოცემული შეწყალების აქტი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.
საზოგადოების, განსაკუთრებით კი, მოკლულთა ოჯახების უმწვავესი რეაქციის მიზეზი, პრეზიდენტის მიერ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირის შეწყალება გახდა.
ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულზე პოლიციელის 22 წლის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის გასამართლებული რამაზ დევაძე შეიწყალა. დევაძე 2015 წელს გაასამართლეს და იგი 12 წლიან სასჯელს იხდიდა. მოკლული პოლიციელის დეიდა ნინო ოდიშარია ამბობს:
თარაშის მკვლელობის გამო სასამართლომ 12 წელი მიუსაჯა და ოთხ წელიწადში უკვე პრეზიდენტი ათავისუფლებს. მიპასუხეთ ეს სახელმწიფოა?ნინო ოდიშარია, მოკლული პოლიციელის თარაშ მუკბანიანის დეიდა
„პრეზიდენტმა ჩემი მოკლული დისშვილი ხელმეორედ მოკლა. ეს არის ცინიკური აქტი. მაინტერესებს და ვითხოვ გამოძიებას, ვისი დავალებით და ინტერესების გათვალისწინებით მიიღო ზურაბიშვილმა ეს აქტი? დევაძე თარაშის მკვლელობამდე იყო სხვა პოლიციელის ცემისთვის დაკავებული, მაგრამ იჩალიჩა და გაუშვეს. თარაშის მკვლელობის გამო სასამართლომ 12 წელი მიუსაჯა და ოთხ წელიწადში უკვე პრეზიდენტი ათავისუფლებს. მიპასუხეთ ეს სახელმწიფოა?“ - კითხულობს მოკლულის დეიდა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მარიამობას ასევე შეიწყალა 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე. ეს დანაშაული 2004 წელს მოხდა, ბეჟანიძე 12 წლის მანძილზე მიმალვაში იყო და მხოლოდ 2016 წელს დააკავეს, თუმცა არასრული მტკიცებულებების გამო სასამართლომ იგი გაათავისუფლა.
2018 წელს ბეჟანიძე ისევ დააკავეს, უზენაესმა სასამართლომ ამჯერად იგი ოთხმეზურის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამნისტიის შედეგად მას საბოლოოდ ციხეში 6 წელი და 9 თვე უნდა გაეტარებინა, თუმცა 2019 წლის სექტემბერში საპატიმრო დატოვა. მოკლულის მამამ, ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა პრეზიდენტს "უვარგისი" უწოდა:
ზურაბიშვილი უვარგისი ადამიანია. არ ესმის არაფერი. აწი გავაკეთებ იმას, რასაც მე ჩავთვლი სჭიროდ"გიორგი ოთხმეზური, მოკლული დავით ოთხმეზურის მამა
„ზურაბიშვილი უვარგისი ადამიანია, არ ესმის არაფერი. აწი გავაკეთებ იმას, რასაც მე ჩავთვლი სჭიროდ. რას გავაკეთებ ეს მე ვიცი, ამაზე საუბარი არ მინდა“ - თქვა ოთხმეზურმა.
ზურაბიშვილმა ასევე შეიწყალა 23 წლის სოსო ქოიავას მკვლელობისთვის გასამართლებული ზურაბ ნადირაძე.
ქოიავა თბილისში, გრიბოედოვზე, 1994 წელს მოკლეს, მისი თანხლები სამი ახალგაზრდა კი დაჭრეს. მკვლელობაში ბრალდებლი ნადირაძე 23 წლის მანძილზე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმალებოდა, დიდი ხნის მანძილზე კი ჩეხეთს ცხოვრობდა.
თბილისის სასამართლომ ნადირაძეს დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მიუსაჯა, რომელიც ამნისტიის შედეგად 11 წლამდე შეუმცირდა. ჩეხეთიდან ნადირაძის ექსტრადირება 2017 წელს მოხერხდა, ამ დროიდან იხდიდა იგი სასჯელს, დღეს კი თავისუფალია.
შეწყალებულები, როგორც ზურაბ ნადირაძე, ისე ასლან ბეჟანიძე და რამაზ დევაძე დანაშაულში მონაწილეობას და ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.
სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პრეზიდენტად 2018 წლის ნოემბერში აირჩიეს, წინა პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შექმნილი შეწყალების კომისია 2019 წლის იანვარში დაშალა.
მოგვიანებით ზურაბისვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ ახალი შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში შექმნილიყო. მას შემდეგ, რაც იდეამ სახელისუფლებო წრეებში მხარდაჭერა ვერ ჰპოვა, პრეზიდენტმა შეწყალების დისკრეციული უფლების გამოყენება შეწყარების კომისიის გარეშე დაიწყო.
2019 წლის იანვრიდან აგვისტომდე პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით 4468-ჯერ მიმართეს, ზურაბიშვილმა 91 მიმართვა დააკმაყოფილა. აქედან უმეტესობა (60) ქურდობისთვის იყო გასამართლებული, სამი კი მკვლელობისთვის, რასაც საბოლოოდ, დიდი სკანდალი და შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადება მოჰყვა.
ოპოზიციამ დღეს ერთთვიანი ვადა მისცა პროკურატურას გამოარკვიოს, თუ რა კავშირი აქვს პრეზიდენტის სადავო შეწყალების აქტის გამოცემასთან, ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანს ყოფილ ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას, თავად გაბუნია ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.