პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვლადიმერ პუტინი გაეროს ტრიბუნიდან ბელადად მოიხსენია
ნიუ-იორკი —
Your browser doesn’t support HTML5
ნიუ იორკი
გაეროს ტრიბუნაზე მიხეილ სააკაშვილის ბოლო საპრეზიდენტო გამოსვლა - საქართველო რუსეთს შორის ისტორიული პარალელებით, კავკასიის რეგიონისადმი იმპერიის დამოკიდებულების ანალიზით, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეებით და დასავლური კურსისკენ საქართველოს მიერ გადადგმული წარმატებული ნაბიჯების ჩამოთვლით გამოირჩეოდა. პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა მსოფლიო ლიდერებისდამი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მყოფი რუსი მესაზღვრეების თვითნებურ ქმედებებს დაემთხვა. პრეზიდენტმა წინასწარვე განაცხადა, რომ მისი ტექსტი ამ ბოლო გამოსვლაზე რუსეთის მიმართ გამორჩეულად გულახდილი და გახსნილი იქნებოდა. დეტალებზე ამერიკის ხმის კორესპონდენტი თეა თუაშვილი მოგვითხრობს.
კოაბიტაცია ამერიკაში, გაეროს სამიტზე საბოლოოდ შედგა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაეროს 68-ე ასამბლეაზე გამოსვლის ტექსტი თავად პრეზიდენტის სურვილით გამოსვლის წინა ღამეს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან გადაიგზავნა იმ პირობით, რომ შინაარსი პრეზიდენტის გამოსვლამდე არ უნდა გახმაურებულიყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვა შეინახა. ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც გაეროში პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტის დეტალები წინასწარ არ იყო ცნობილი. ამ თემაზე კომენტარი მაია ფანჯიკიძემ პრეზიდენტის გამოსვლამდე გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილი გაეროს ტრიბუნაზე ნიუ იორკის დროით საღამოს 6 საათისთვის ავიდა. რუსეთის დელეგაცია იმ დროს დარბაზში იმყოფებოდა. პრეზიდენტის თხუთმეტწუთიანი სიტყვის ძირითადი ნაწილი სწორედ რუსეთის ინტერესებს საქართველოში, და მთლიანად კავკასიის რეგიონში შეეხებოდა. რუსეთის დელეგაციას ისტორიული პარალელების გავლების დროს რეაქცია არ ჰქონია, თუმცა მათი მოთმინების კულმინაცია მაშინ იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტი პუტინი ბელადად მოიხსენია.
სიმართლე რუსეთის და რუსეთის მანიპულაციების შესახებ, სიმართლე რეგიონზე - ასე ასათაურებს მიხეილ სააკაშვილის ბოლო საპრეზიდენტო გამოსვლას გაეროს წინაშე ქართული დელეგაცია. ცხრა წლის წინ, როდესაც საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი გაეროს წინაშე პირველად გამოვიდა მთავარი თემა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები იყო. სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა 2013 წლის გამოსვლაში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეები სადემარკაციო ხაზს თვითნებურად წევენ, მავთულხლართებს აგებენ, თხრიან თხრილებს, ადგილობრივ მოსახლეობას ბაღ-ბოსტნებში მოსავლის აღების საშუალებას არ აძლევენ. გაეროში კი 192 ქვეყნის ლიდერი იკრიბება. მათ შორის არის სერგეი ლავროვიც, რომელიც ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. კიდევ ერთი მცდელობა ამერიკის ხმას ბან კი მუნთან და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან საერთო ფოტოს გადაღების შემდეგ, სადილის წინ ჰქონდა.
კითხვაზე როგორია ნატოს გენერალური მდივნის პოზიცია რუსეთის მესაზღვრეების ბოლოდროინდელ ქმედებებზე საქართველოს ტერიტორიაზე ანდერს ფოგ რასმუსენი პასუხობს.
ოქტომბერში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია 28-29 ნოემბერს ვილნიუსში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტიც, სადაც საქართველოსთან, სომხეთთან და მოლოდვასთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება მოხდება. პოლონეთი, რომელიც ამ შეთანხმებას უჭერს მხარს, არ იზიარებს განცხადებას საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი შეერთებულ შტატებში გრძელდება. გაეროს სამიტის შემდეგ მან ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ბილ ქლინთონის ინიციატივით გამართულ მიღებაში მიიღო მონაწილეობა. შაბათს მიხელ სააკაშვილი ვაშინგტონში ჩადის.