პაპი ფრანცისკე ერაყს ისტორიული, პირველი ვიზიტით ეწვია

რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ეს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის ისტორიული, პირველი ვიზიტია წინასწარმეტყველ აბრამის დაბადების ადგილზე.

ერაყში ვიზიტი პაპი ფრანცისკესთვის ასევე პირველი საერთაშორისო ვიზიტია კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ. ყველა ადამიანი, რომელიც პაპთან ერთად მოგზაურობს უკვე აცრილია, მათ შორის, პაპიც. მიუხედავად ამისა, ფრანცისკეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შიშები მაინც არსებობს, რადგან პაპს ადამიანებთან ურთიერთობის დროს სოციალური დისტანცირების წესები შეიძლება დაავიწყდეს.

ვატიკანის ელჩს ერაყში, არქიეპისკოპოს მიტაია ლესკოვარს, ცოტა ხნის წინ, კოვიდ-19 დაუდასტურდა. ის ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.

ვიდეო გზავნილში, რომელიც პაპმა ერაყელ ხალხს გაუგზავნა, ფრანცისკე ამბობს, რომ დიდი ხანი ელოდა მათთან შეხვედრას, მათი სახეების დანახვას და უძველესი, ცივილიზაციის აკვნის, ერაყის, ნახვას.

პაპის თქმით, ის ერაყში მიდის წლების განმავლობაში მიმდინარე ომის და ტერორიზმის ფონზე, რათა ადამიანებს შეევედროს და ერთმანეთის მიტევება და დაპირისპირების შეწყვეტა სთხოვოს.