ხუთშაბათს, ოთხდღიანი მოსმენის შემდეგ, ჰონგ კონგის სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომლითაც 47 პრო-დემოკრატიული აქტივისტი პატიმრობაში დარჩება. მათ ეროვნული უსაფრთხოების კანონის საფუძველეზე, ბრალს ძირგამომთხრელ საქმიანობაში სდებენ.
დასავლეთ კოვლუნის მაგისტრატის სასამართლომ 31 აქტივისტს გირაოს შეფარდებაზე უარი უთხრა. კიდევ ერთმა ბრალდებულმა, სამართლის პროფესორმა ბენი ტაიმ გირაოს საკუთარი შუამდგომლობა უკან გამოიტანა, რადგან სხვა საქმეზე იყო დაკავებული.
ადგილობრივი ინფორმაციის თანახმად, თავმჯდომარე მაგისტრატმა გადაწყვიტა, რომ არ იყო საკმარისი სამხილები იმის დასამტკიცებლად, რომ ბრალდებულები ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს არ შეუქმნიდნენ და ამიტომ გირაოზე უარი უთხრა.
დანარჩენ 15 პირს, თავდაპირველად გირაოზე თანხმობა მისცეს, რაც გარეთ შეკრებილი ადამანების სიხარულის საგანი გახდა, მაგრამ მას შემდეგ რაც სამართალდამცავებმა გირაოზე მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, ეს 15 პირი პატიმრობაში დარჩა. მოელიან, რომ მათი გირაოს საქმეს ჰონგ კონგის უმაღლესი სასამართლო გადაწყვეტს.
ეს 47 ბრალდებული, იმ 55 კაციანი პრო-დემოკრატიული ჯგუფის ნაწილია, რომლებიც იანვარში, გამთენიისას ჩატარებული რეიდების დროს დააკავეს. მათი დაპატიმრება, ივლისში ჩატარებულ ჰონგ კონგის არაოფიციალურ “პირველად” არჩევნებთან იყო დაკავშირებული, როდესაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ ხმა მიეცათ ოპოზიციის კანდიდატებისთვის. ხმის მიცემა საკანონმდებლო საბჭოს არჩევნების წინ მოხდა, რომელიც გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გადაიდო.
Facebook Forum