პაპმა ფრანცისკემ ღიად დატოვა საკითხი, ერთი და იმავე სქესის წყვილთა ქორწინების კურთხევის შესაძლებლობაზე. ამით კათოლიკეთა მსოფლიო წინამძღვარმა მიანიშნა, რომ არ არის გამორიცხული, გადაწყვეტილების მიღება კათოლიკურ ეკლესიაში შეზღუდულად, ინდივიდუალურად მოხდეს და ამასთან, არ უნდა მოხდეს ამ ფაქტის ჰეტეროსექსუალთა ქორწინების ტრადიციულ ცერემონიებში აღრევა.
რომის პაპმა თავისი მოსაზრება ხუთი კონსერვატიული კარდინალის ხუთ კითხვაზე გაცემულ პასუხში წერილობით დააფიქსირა. შეკითხვები მას აზიიდან, ევროპიდან, აფრიკიდან, შეერთებული შტატებიდან და ლათინური ამერიკიდან გაუგზავნეს.
კარდინალთა კითხვების ფორმალური ნაკრები "დუბიას" სახელით არის ცნობილი, რაც ლათინურად "ეჭვებს" ნიშნავს. ტრადიციულად, კითხვებს რომის პაპს გლობალური შეკრების წინ უგზავნიან, რომელიც ვატიკანში ოთხშაბათს, 4 ოქტომბერს იწყება.
ამ ხუთიდან ერთ-ერთი კითხვა გერმანიაში გავრცელებულ პრაქტიკას ეხებოდა, სადაც მღვდლები ერთი და იმავე სქესის წყვილებს აკურთხებენ ხოლმე. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუკი ისინი ურთიერთობებში ერთმანეთის მიმართ ერთგულები არიან.
მიწერ-მოწერა ივლისში გაიმართა. თუმცა, ვატიკანმა პაპის პასუხები ორშაბათს, 2 ოქტომბერს მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც კარდინალებმა ცალმხრივად გააკეთეს განცხადება და რომის პაპის წერილის შინაარსთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატეს.
ასევე ნახეთ: რომის პაპი: "ჩამორჩენილმა" ამერიკელმა კონსერვატორებმა რწმენა იდეოლოგიით ჩაანაცვლესპაპის პასუხის დეტალები
ამჯერად, რომის პაპის პასუხი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა 2021 წელს ვატიკანის მიერ მსგავსი კურთხევის წინააღმდეგ გამოტანილი კატეგორიული ტონის მქონე განჩინებისგან. შვიდპუნქტიან პასუხში პაპმა ფრანცისკემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეკლესია ძალიან მკაფიოდ აცხადებს, რომ ქორწინების საიდუმლო შეიძლება მხოლოდ მამაკაცს და ქალს შორის იყოს და რომ ეკლესიამ თავი უნდა აარიდოს ნებისმიერ სხვა რიტუალს, რომელიც ამ სწავლებას ეწინააღმდეგება.
ამის მიუხედავად, პაპის თქმით, "პასტორალური ქველმოქმედება ჩვენს ყველა გადაწყვეტილებაში და დამოკიდებულებაში უნდა აისახოს". რომის პაპი წერს, რომ "შეუძლებელია ჩვენ მხოლოდ ისეთი მოსამართლეები ვიყოთ, რომლებიც მხოლოდ უარობენ, უარყოფენ და გამორიცხავენ".
მისი თქმით, ზოგჯერ კურთხევის მოთხოვნა ადამიანებისგან ღვთისადმი მიმართვის, თხოვნის გზაა. ისინი უკეთესი ცხოვრებისკენ ისწრაფვიან, თუნდაც მათი ზოგიერთი ქმედება შესაძლოა, "ობიექტურად, მორალურად მიუღებელი" იყოს.
პაპი ფრანცისკე იქვე აღნიშნავს, რომ ნებისმიერი საბოლოო კურთხევა არ უნდა იქცეს ნორმად. მისი აზრით, ამ პრაქტიკამ არ უნდა მიიღოს სრული დამტკიცება ეკლესიის მხრიდან, რაშიც ეპარქიები და ეპისკოპოსთა ეროვნული თავყრილობები შედის.