პომპეო: აშშ მზად არის ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მზად არის ვენესუელაში სამხედრო გზით ჩაერიოს, რათა ქვეყანაში მღელვარება აღმოიფხვრას. „სამხედრო გზა შესაძლებელია“ - თქვა მან ტელეკომპანია „ფოქსთან" ინტერვიუში. „თუ ეს საჭიროა, აშშ ამას გააკეთებს,“ - დასძინა მან.

ამასთან, მაიკ პომპეომ გაიმეორა, რომ შეერთებულ შტატებს იქ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების ხილვა სურს. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ პომპეო ცოტა ხანში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დაელაპარაკება. საუბრის მთავარი თემა მოსკოვის მხარდაჭერა იქნება ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მიმართ.