ვენესუელა - ქვეყანა, რომელიც თავისი ბუნებრივი რესურსებით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებს უნდა იკავებდეს, ბოლო 4 თვის განმავლობაში პოლიტიკურ კრიზისს განიცდის. ქვეყანაში გათიშულია რამდენიმე საერთაშორისო მაუწყებელი, ჩახერგილია ხიდები, გახშირდა შეტაკებები დროებითი პრეზიდენტის მხარდაჭერებსა და მადუროს რეჟიმის ძალებს შორის. ბოლო ასეთი დაპირისპირება გუშინ მოხდა. შეტაკებების დროს დაშავდა 70-მდე ადამიანი.
ბოლო 30 წლის განმავლობაში, ქვეყანაში, სადაც 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვითარება უფრო და უფრო უარესდება. დღეს ქვეყანა ქაოსის ზღვარზეა.
ეკონომიკა
- ვენესუელა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. ქვეყანა ფლობს ნავთობის რეზერვებს, ბუნებრივ აირს და სხვა წიაღისეულს
- ქვეყნაში უმუშევრობის მაჩვენებელი დაახლოებით 29 პროცენტია
- სავალუტო რეზერვის 70%-ზე მეტი ფინანსურ ვალდებულებებს უჭირავს
პოლიტიკა
ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით 2019 წლის იანვრიდან დაიძაბა, როდესაც ქვეყნის პარლამენტმა ნიკოლას მადურო არალეგიტიმურ მმართველად გამოაცხადა. ამის შემდეგ მადურომ პარტია “სახალხო ნების” ლიდერების დაკავება დაიწყო, რის გამოც ქვეყანაში ვითრება დაიძაბა. პარლამენტმა კი ვენესუელას დროებით მმართველად ხუან გუაიადო დანიშნა, რომელიც მანამდე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
ვენესუელას არალეგიტიმური მმართველი ნიკოლას მადურო უგო ჩავესის პოლიტიკის გამგრძელებელად მიიჩნევა, ჩავესი კი თავის მხრივ მოსკოვისთვის ლათინურ ამერიკაში მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო. შესაბამისად, რუსეთი აქტიურად უჭერს მხარს ნიკოლას მადუროს.
არალეგიტიმურ მმართველად გამოცხადებულ მადუროს მხარს უჭერს შემდეგი ქვეყნები:
- რუსეთი
- ჩინეთი
- თურქეთი
- სირია
- კუბა
დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს კი მხარდაჭერა 50-ზე მეტმა სახელმწიფომ უკვე გამოუცხადა. მათ შორის არიან:
- ამერიკის შეერთებული შტატები
- კანადა
- დიდი ბრიტანეთი
- საფრანგეთი
- გერმანია
- პორტუგალია
- შვედეთი
- დანია
- ავსტრია
- ჰოლანდია
- უკრაინა
- საქართველო
ვენესუელა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს.
2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრიდან 1 წლისა და ერთი თვის თავზე, ვენესუელამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო.
გადაწყვეტილება 2009 წლის შემოდგომაზე უგო ჩავესმა, რუსეთის იმჟამინდელ პრეზიდენტ, დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ გამოახადა. ვენესუელა მესამე სახელმწიფოა, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნია.
ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც, რომელიც სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს: “ჩვენ ვდგავართ ვენესუელელი ხალხის გვერდით, რომელიც გაბედულად იცავს დემოკრატიას და თავისუფლებას”.
სიტუაცია ადგილზე
24 საათზე მეტია ვენესუელაში CNN-ისა და BBC-ის მაუწყებლობაა შეწყვეტილი. მაუწყებლობის შეწყვეტა დედაქალაქში მომხდარი დაპირისპირების პარალელურად მოხდა. სიგნალის ჩახშობის გადაწყვეტილება მადუროს რეჟიმმა მიიღო. არალეგიტიმურმა მმართველმა ნიკოლას მადურომ მალევე ადგილობრივ არხებზე სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა, სადაც მომხდარი შეაფასა და ხუან გუაიდოს მხარდამჭერები პატარა ჯგუფად მოიხსენია.
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი მხარდამჭერებს მოუწოდებს განაგრძონ საპროტესტო აქციები. ხუან გუაიდო ამბობს, რომ მადუროს დასამხობად ქვეყანა ახლა “ფინალურ ფაზაზე” გადავიდა. გუაიდომ ცოტა ხნის წინ ვიდეო მიმართვა "ტვიტერზე" გაავრცელა.
“ჩვენ ვენესუელისათვის თავისუფლებას და დემოკრატიას მოვიპოვებთ. ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და ისინი ვენესუელელი ხალხის მხარდაჭერას ელიან," - ამბობს გუაიდო გავრცელებულ მიმართვაში სადაც ის სამხედრო პირებთან ერთად ჩანს.
ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელიც კუბას სანქციებით დაემუქრა.
"თუ კუბის სამხედრო ძალები დაუყოვნებლივ არ შეწყვეტენ სამხედრო და სხვა ოპერაციებს ვენესუელაში სიკვდილის და კონსტიტუციის განადგურების მისაღწევად, კუბას სრულ ემბარგოს და უმაღლესი დონის სანქციებს დავუწესებთ. იმედია, კუბელი ჯარისკაცები დაუყოვნებლივ და მშვიდობიანად დაბრუნდებიან საკუთარ კუნძულზე!”
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადებით კი ვენესუელას არალეგიტიმური მმართველი მადურო ქვეყნის დატოვებას და კუბაში გაქცევას გეგმავდა, თუმცა რუსეთმა მას ეს გადააფიქრებინა.
ზოგადი ინფორმაცია
ვენესუელა მსოფლიოში სიდიდით 33-ე სახელმწიფოა სადაც ბოლო მონაცემებით 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ისინი ესპანურად საუბრობენ და მათი უმრავლესობა ქრისტიანია. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქვეყნის ჩრდილოეთით არის დასახლებული.
ვენესუელა ცნობილია იმითაც, რომ იქ საწვავის ფასი მსოფლიოში ყველაზე დაბალია, 1 ლიტრის ფასი $0.24-ს შეადგენს. ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა, სხვადასხვა კვლევებით ირკვევა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მშიერია და მათ არ აქვთ წვდომა მინიმალურ მედიკამენტებზე.
Facebook Forum