პოლონეთის პრეზიდენტმა ორშაბათს დაგმო სახელმწიფო პროკურორის თანამდებობიდან გადაყენება. ამ ნაბიჯმა, სახელმწიფოს მეთაურსა და ახალ მთავრობას შორის კოჰაბიტაციის ფონზე, კონფლიქტი გამოიწვია.
ახალი მთავრობის იუსტიციის მინისტრ ადამ ბოდნარს, წინა, "კანონისა და მართლმსაჯულების" (PiS) მთავრობის პოლიტიკის შეცვლა დაევალა, რომელმაც კრიტიკოსების თქმით, სასამართლოს სისტემაზე პოლიტიკური გავლენა გაზარდა.
პარასკევს მან თქვა, რომ PiS მთავრობის მიერ, სახელმწიფო პროკურორის თანამდებობაზე დარიუშ ბარსკი არალეგიტიმურად დაინიშნა. PiS-ის მიერ გატარებული რეფორმების შეცვლა საჭიროა, რათა პოლონეთმა ევროკავშირის მილიარდობით ევროს დაფინანსება მიიღოს. გაერთიანებამ ქვეყანას დაფინანსება, კანონის უზენაესობასთან და მართლმასჯულების პრობლემებთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო გაუყინა.
თუმცა, ეს ნაბიჯი ახალ მთავრობას კონფლიქტში აქცევს პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან, რომელიც PiS-ის მოკავშირეა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ ბოდნარს არ აქვს უფლება, ბარსკი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გაათავისუფლოს. იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ბარსკის დანიშვნა არასწორი იყო, რადგან მისი დანიშვნის დროს მოქმედი კანონები, პენსიაში მყოფი პირის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნას კრძალავდა.
ასევე ნახეთ: პოლონეთში არჩევნების შემდეგ ახალი საპარლამენტო სესია გაიხსნა„სახელმწიფო პროკურორის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება მოხდეს მხოლოდ პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციის შემდეგ... ეს მოითხოვს პრეზიდენტის წერილობით თანხმობას“, - განუცხადა დუდამ ჟურნალისტებს, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ. ”ეჭვგარეშეა, რომ აქ კანონი დაირღვა”, - დასძინა მან.
ტუსკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში, ბოდნარს „სრული მხარდაჭერა“ შესთავაზა. „იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამაში დაგვეხმარება და არ შეგვიშლის ხელს“, - თქვა მან.
PiS-ის პოლონეთს რვა წლის განმავლობაში მართავდა და კრიტიკის ქვეშ მოექცა მედიის მხრიდან, მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზების მცდელობისა და საკვანძო ინსტიტუტებისა და კომპანიების მისი ლოიალისტების კონტროლის ქვეშ მოქცევის გამო.
PiS-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, პროკურორები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ მის რეფორმებს, მათ საქმიანობაში პოლიტიკურ ჩარევაზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ ისინი, ვინც პარტიის სურვილებს ასრულებდნენ, კარიერაში წინ სწრაფად მიიწევდნენ, ხოლო ოპონენტები ისჯებოდნენ.
PiS-მა განაცხადა, რომ მათი რეფორმები მიზნად ისახავდა კომუნისტური მმართველობის შედეგად დარჩენილი დამახინჯებული სისტემის ცვლილებას და არაეფექტურობის აღმოფხვრას.
ბოდნარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას სურს ახალი სახელმწიფო პროკურორი იყოს ადამიანი, რომელიც „სარგებლობს აბსოლუტური ავტორიტეტით, სამართლებრივი წრეების პატივისცემით და მომავალში პროკურატურის გამართული ფუნქციონირების გარანტი იქნება“.