ტაიფუნ „ჰაიანის“ შედეგები

ქარიშხლის მსხვერპლთა რაოდენობამ დღეისთვის 2,357-ს მიაღწია
იმ დროს, როცა ტაიფუნ „ჰაიანს“ გადარჩენილი ადამიანები სულ უფრო მზარდი უიმედობით ელიან საგანგებო დახმარების მიღებას, ცენტრალური ფილიპინების ქალაქში დაიწყეს ათობით დაღუპული მოქალაქის საძმო საფლავებში დაკრძალვა.

ქარიშხლის მსხვერპლთა რაოდენობამ დღეისთვის 2,357-ს მიაღწია, თუმცა მიაჩნიათ, რომ ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ტაკლობანში, ბევრი ცხედარი ჯერ ისევ ქუჩაშია ან ნანგრევებშია მოქცეული. ხუთშაბათს ზოგი ცხედარი ქალაქგარეთ საერთო სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის ოფიციალური ცერემონია არ ჩატარებულა და გაურკვეველია, მოხდა თუ არა ყველა გვამის ამოცნობა.

საკვები, წყალი და ასობით ათასი ლტოლვილისთვის სხვა აუცილებელი ნივთები, ჯერ კიდევ არასაკმარისი რაოდენობითაა. ზოგიერთმა მაროდიორობას მიმართა თავის გადასარჩენად. ერთმა გადარჩენილმა ქალბატონმა თქვა, რომ ქარიშხლიდან 6 დღის შემდეგაც არანაირი დახმარება არ მიუღია:

„ჩვენ არაფერი არ მიგვიღია, ერთი წვეთი ფაფაც კი. ჩემი ძმები შეიძლებოდა მომკვდარიყვნენ, უფროსი ძმა და ძმისშვილი ავად არიან, მხოლოდ მე არ ვარ ავად. ნუთუ იმას ელოდებიან, რომ ჩვენ ყველა ავად გავხდებით და სანამ ისინი რამეს გააკეთებენ, წინა დღით უკვე დავიხოცებით? როცა ვეკითხებით, გვპასუხობენ, რომ „ინფორმაცია არ გააჩნიათ“. ეს რა ხალხია! ჩვენ კი გვითხრეს, რომ დაგვეხმარებოდნენ.“